Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1აი, ის ხალხები, აუყრელი რომ დატოვა უფალმა, რათა გამოეცადა მათით ისრაელიანება, ყველანი, ვინც ვერცერთ ქანაანურ ომს ვერ შეესწრო.
2მხოლოდ იმისთვის, რომ შესწრებოდნენ და ესწავლათ ომი ისრაელიანთა შემდგომ თაობებს, რომლებიც უწინდელ ომებს ვერ შეესწრნენ:
3ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო და ყველა ქანაანელი, ციდონელი და ხივიელი, ლიბანის მთიანეთში რომ ცხოვრობენ, ბაალ-ხერმონის მთიდან ხამათამდე.
4სურდა გამოეცადა ისრაელიანები მათით, ენახა დაიცავდნენ თუ არა უფლის მცნებებს, მოსეს პირით რომ ამცნო მათ მამა-პაპას.
5ცხოვრობდნენ ისრაელიანები ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხივიელთა და იებუსეველთა შორის.
6ირთავდნენ მათ ქალებს, ათხოვებდნენ თავიანთ ქალებს მათ ვაჟებზე და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს.
7უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშერებს.
8რისხვით აღიგზნო უფალი ისრაელის მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშთაიმს, არამის ორმდინარეთის მეფეს, და მორჩილებდნენ ისრაელიანები ქუშან-რიშთაიმს რვა წელი.
9მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უფალმა გამოუჩინა მათ მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.
10უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.
11დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. მერე მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე.
12კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ამძლავრა უფალმა ისრაელზე ყეგლონი, მოაბის მეფე, რადგან უკუღმართად იქცეოდნენ ისინი უფლის თვალში.
13შემოიკრიბა მთელი ყამონი და ყამალეკი, დაიძრა, დაამარცხა ისრაელი და აიღო ფინიკ-ქალაქი.
14მორჩილებდნენ ისრაელიანები ყეგლონს, მოაბის მეფეს თვრამეტი წელი.
15მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და გამოუჩინა მათ უფალმა მხსნელი აჰუდ გერას ძე, ბენიამინელი, ცაცია კაცი. ხარკი გაატანეს მას ისრაელიანებმა ყეგლონთან, მოაბის მეფესთან.
16ორლესული ერთწყრთიანი მახვილი გააკეთებინა აჰუდმა და წამოსასხამქვეშ შეიბა მარჯვენა თეძოსთან.
17მივიდა და მიართვა ხარკი ყეგლონს, მოაბის მეფეს. ძალზე მსუქანი კაცი იყო ყეგლონი.
18როგორც კი ძღვენი მოართვეს, უკან გაისტუმრა ძღვენის მომტანნი.
19თავად გილგალის საკერპოდან გამობრუნდა და უთხრა: საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო! ბრძანა ყეგლონმა: ჩუმად! და ყველა კარისკაცი გარეთ გაიკრიფა.
20შევიდა აჰუდი მასთან. საგრილობელ ოთახში იჯდა, ცალკე რომ ჰქონდა ზემო სართულზე. უთხრა აჰუდმა: უფლის სიტყვა მაქვს სათქმელი შენთვის! და წამოიმართა ტახტიდან ყეგლონი მის დანახვაზე.
21და როგორც კი წამოიმართა, გაიკრა აჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოსთან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა.
22ვადიანად ჩაეფლო შიგ მახვილი და ქონმა გადაფარა ვადა, რადგან მუცელშივე ჩაატოვა მახვილი, რომელსაც მეორე მხარეს გაეწვერა.
23მერე ტალანში გამოვიდა აჰუდი, გამოიხურა და ჩაკეტა ოთახის კარი.
24როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მისი მსახურებიც და, აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ოთახის კარი. თქვეს: მოსასაქმებლად შეიკეტებოდაო საგრილობელ ოთახში.
25კარგა ხანს უცადეს და, როცა ნახეს, არავინ აღებდა ოთახის კარს, კლიტე მოარგეს, გააღეს და რას ხედავენ: მკვდარი აგდია ძირს მათი ბატონი.
26სანამ გონს მოეგებოდნენ, აჰუდმა სამშვიდობოს გამოაღწია, არავის გახსენებია იგი. გამოსცდა საკერპოს და თავი სეყირს შეაფარა.
27მოსვლისას ბუკსა ჰკრა ეფრემის მთაში, ჩამოიყვანა მთიდან ისრაელიანები და წინ წაუძღვა.
28უთხრა: მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მოაბელები, თქვენი მტრები! გაჰყვნენ და გადაუჭრეს მოაბელებს იორდანეზე გადასასვლელი ფონი და არავინ გაატარეს.
29ათი ათასამდე მოაბელი დახოცეს იმჟამად, ყველანი ბრგე და ძლიერნი, თავს ვერავინ უშველა.
30დაემორჩილა იმ დღეს მოაბი ისრაელს და დაისვენა ქვეყანამ ოთხმოცი წელი. სიკვდილამდე ისრაელის მსაჯული იყო აჰუდი.
31მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, სახრით რომ დახოცა ექვსასი ფილისტიმელი, და მანაც იხსნა ისრაელი.
Next