Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1მოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და ბეთელში ისრაილის სახლთან და თქვა: ასე ამბობს უფალი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი. ვუთხარი, არ დავარღვევ-მეთქი თქვენთან დადებულ აღთქმას უკუნისამდე.
2ოღონდ ნუ შეკრავთ-მეთქი კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან, ნუ იწამებთ მათ ღმერთებს, დაამსხვრიეთ მათი კერპები, დაანგრიეთ-მეთქი მათი სამსხვერპლოები. თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი. ეს რა ჩაიდინეთ!
3ამიტომაც გეუბნებით: მათ, ვის აყრასაც ვაპირებდი, აღარ ავყრი. აღარ ავყრი მათ თქვენგან, რომ ხუნდებად გექცნენ ისინი, მახედ გექცნენ მათი ღმერთები.
4როცა უფლის ანგელოზები ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელიანებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი.
5ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სახელად ბოქიმი (მოტირალნი). მსხვერპლი შესწირეს იქ უფალს.
6დაითხოვა იესომ ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ ისრაელიანები თავ-თავიანთ სახლებში, თავ-თავიანთ წილხვდომილ ქვეყნებში, რათა დაემკვიდრებინათ იგი.
7უფალს ემსახურებოდა ერი იესოს მთელ სიცოცხლეში და უხუცესთა მთელ სიცოცხლეში, რომლებიც იესოს შემდგომ იყვნენ და ნანახი ჰქონდათ ყველა დიადი საქმე, ისრაელისათვის რომ აღასრულა უფალმა.
8მოკვდა იესო, ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა,
9და დამარხეს თავის წილხვდომილში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
10მთელი ის თაობაც გადავიდა მამა-პაპასთან. მოვიდა სხვა თაობა რომელსაც არ გაეგონა უფალი, არც მისი საქმენი, ისრაელისთვის რომ აღასრულა.
11უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ემსახურებოდნენ ბაალებს.
12დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მიიქცნენ უცხო ღმერთებისკენ, მეზობელ ხალხთა ღმერთებისაკენ და თაყვანს სცემდნენ მათ.
13დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთორეთებს.
14აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და აძარცვინა. ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.
15სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ავბედითად წარმართავდა მათ უფლის ხელი, როგორც უთხრა მათ უფალმა და დაემუქრა მათ უფალი. დიდად შეაჭირვა ისინი.
16დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ.
17მაგრამ არც მსაჯულებს უჯერებდნენ, უზნეობდნენ უცხო ღმერთების კვალზე, თაყვანს სცემდნენ მათ და მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომლითაც დადიოდა მათი მამა-პაპა, უფლის მცნებათა მორჩილი. ესენი იმათ მსგავსად არ იქცეოდნენ.
18მას შემდეგ, რაც მსაჯულები დაუდგინა მათ უფალმა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისაგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში. რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში.
19მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, მამებზე უარესს ჩადიოდნენ, მიიქცეოდნენ უცხო ღმერთებისკენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეს და ურჩობის გზას არ სტოვებდნენ.
20აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და თქვა მან: რაკი ამ ერმა უღალატა ჩემსა და მათ მამაპაპას შორის დადებულ აღთქმას და აღარ მიჯერებს,
21აღარ ავყრი მათგან აღარცერთ ამ ხალხს, რომელიც აუყრელი დარჩა იესოს, როცა მოკვდა,
22რათა გამოვცადო ისრაელი მათით, დაადგებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, როგორც მათი მამა-პაპა დადიოდა.
23ამიტომ იყო, აუყრელი რომ დატოვა ეს ხალხები უფალმა, თავიდანვე რომ არ აჰყარა და არ ჩაუგდო ხელში იესოს.
Next