Eleos

Contents

თავი - 10

Previous
1აბიმელექის შემდეგ გამოჩნდა თოლაყი, ძე ფუასი, ძისა დოდოსი, ისაქარელი, ისრაელის სახსნელად. იგი შამირში ცხოვრობდა, ეფრემის მთაში.
2მსაჯულობდა ისრაელზე ოცდასამი წელი, მერე მოკვდა და შამირში დამარხეს.
3მის შემდგომ გალაადელი იაირი გამოჩნდა და მსაჯულობდა ისრაელზე ოცდაორი წელი.
4ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, ოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, პატრონი ოცდაათი ქალაქისა, რომელთაც დღემდე იაირის ნასახლარებს უწოდებენ გალაადის მხარეში.
5მერე მოკვდა იაირი და კამონში დამარხეს.
6კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთაროთებს, არამის, სიდონის, მოაბის ღმერთებს, ყამონელებისა და ფილისტიმელების ღმერთებს. უფალი კი დაივიწყეს და აღარ ემსახურებოდნენ მას.
7აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ხელში ჩაუგდო ისინი ფილისტიმელებსა და ყამონელებს.
8იმ წლიდან მოკიდებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისინი ისრაელიანებს თვრამეტი წელი, ყველა ისრაელიანს, ვინც იორდანეს გაღმა ესახლა ამორეველების მიწაზე, გალაადის მხარეში.
9ბოლოს გადმოლახეს ყამონელებმა იორდანე, რომ შებრძოლებოდნენ იუდას, ბენიამინსა და ეფრემის სახლს. ძლიერ გაუჭირდა ისრაელს.
10შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უთხრეს: შეგცოდეთ, რადგან დავივიწყეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაალებს.
11უთხრა უფალმა ისრაელიანებს: ხომ მიხსნიხართ ეგვიპტისგან, ამორეველთაგან, ყამონიანთაგან და ფილისტიმელთაგან;
12ციდონელები, ყამალეკი და მაყონი, გავიწროებდნენ და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?
13თქვენ კი დამივიწყეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს, ამიტომაც აღარ გიხსნით.
14წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში.
15უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.
16უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.
17შეიყარნენ ყამონიანები და გალაადში დაბანაკდნენ. შეიყარნენ ისრაელიანებიც და მიცფაში დაბანაკდნენ.
18თქვეს ერთმანეთში ხალხმა და გალაადის მთავრებმა: ვინც პირველი შეებრძოლება ყამონიანებს, ის იყოს მთელი გალაადის წინამძღოლი.
Next