თავი - 11
Previous1იყო იფთახ გალაადელი, მაგარი ვაჟკაცი იყო. მეძავი ქალის ნაშობი იყო იგი. გალაადმა შვა იფთახი.
2ცოლმაც უშვა გალაადს ვაჟები. როცა წამოიზარდნენ ცოლის ვაჟები, გააგდეს იფთახი, უთხრეს: შენ არ გიდევს წილი მამაჩვენის სახლში, რადგან სხვა ქალის ნაშობი ხარ.
3გაერიდა თავის ძმებს იფთახი და ტობის მხარეში დასახლდა. უღირსმა ხალხმა მოიყარა თავი მის გარშემო და დათარეშობდა მასთან ერთად.
4გამოხდა ხანი და გამოვიდნენ ყამონიანები ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.
5და როცა ომი აუტეხეს ყამონიანებმა ისრაელს, მივიდნენ გალაადის უხეცესები იფთახთან, რათა წამოეყვანათ ტობის მხარიდან.
6უთხრეს იფთახს: მოდი, გახდი ჩვენი წინამძღოლი და შევებრძოლოთ ყამონიანებს.
7უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: აკი მომიძულეთ და გამომაგდეთ მამაჩემის სახლიდან? ახლა რატომ მომაკითხეთ, როცა გაგიჭირდათ?
8უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: იმიტომ მოგაკითხეთ, რომ წამოგვყვე, შეებრძოლო ყამონიანებს და მთელი გალაადის წინამძღოლი გახდე.
9უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: თუ დამაბრუნეთ ყამონიანებთან საბრძოლველად და უფალმა ხელში ჩამიგდო ისინი, მერეც თქვენი წინამძღოლი ვიქნები?
10უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: უფალი იყოს მოწმე ჩვენს შორის, რომ ისე მოვიქცევით, როგორც შენ იტყვი.
11წამოჰყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა იგი თავის თავკაცად და წინამძღოლად აირჩია. გაიმეორა იფთახმა ყოველი თავისი სიტყვა უფლის წინაშე, მიცფაში.
12კაცები გაუგზავნა იფთახმა ყამონიანთა მეფეს და უთხრა: რა ხელი გაქვს ჩემთან, რომ მომიხდი და მებრძვი ჩემს მიწაზე?
13უთხრა ყამონიანთა მეფემ იფთახის კაცებს: როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, ჩემი ქვეყანა დაიკავა არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე. მშვიდობიანად დამიბრუნე იგი და დაგეხსნები.
14დაბრუნდნენ კაცები იფთახთან. მეორედ გაუგზავნა იფთახმა კაცები ყამონიანთა მეფეს.
15უთხრა: ასე ამბობს იფთახი: ისრაელს არ მიუტაცებია მოაბის ქვეყანა და ყამონიანთა ქვეყანა.
16როცა ეგვიპტიდან გამოსულმა უდაბნოში იარა მეწამულ ზღვამდე და კადეშს მიადგა,
17კაცები გაუგზავნა ედომის მეფეს და შეუთვალა: გამატარე შენს ქვეყანაზე, მაგრამ ყური არ ათხოვა. მოაბის მეფესაც გაუგზავნა კაცები. მაგრამ მანაც უარი უთხრა. ამიტომაც კადეშში დარჩა ისრაელი.
18გამოიარა უდაბნო, გამოსცდა ედომელთა ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, მოაღწია მოაბის ქვეყნის საზღვრამდე და არნონს იქით დაბანაკდა. მაგრამ არ შესულა მოაბის ქვეყანაში, რადგან არნონი მოაბის საზღვარია.
19კაცები გაუგზავნა ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონის მეფეს, შეუთვალა მას ისრაელმა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე და ჩვენს ადგილამდე მიგვიშვიო.
20მაგრამ სიხონი არ დათანხმდა, გაეტარებინა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. შეაგროვა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, იააცში დაბანაკდა და შეება ისრაელს.
21უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხელში ჩაუგდო ისრაელს სიხონი და მთელი მისი ხალხი და მან გაწყვიტა ისინი. დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა, იმათი, ვინც იმ ქვეყანაში ცხოვრობდა.
22დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.
23ასე აჰყარა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამორეველები თავისი ერის ისრაელის წინაშე, შენ კი სამკვიდრებელში ეცილები მას?
24ხომ ფლობ იმას, რაც დაგიმკვიდრა ქამოშმა, შენმა ღმერთმა? ჩვენც ვფლობთ ყველაფერს, რაც უფალს, ჩვენს ღმერთს, დაუმკვიდრებია ჩვენთვის.
25რითი ჯობიხარ ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? ოდესმე თუ წაკიდებია იგი ისრაელს ან თუ უომია მასთან?
26სამასი წელია, რაც ცხოვრობს ისრაელი ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყერში და მის სოფლებში, ყველა ქალაქში არნონის გაღმა-გამოღმა. რატომ იმთავითვე არ დაიბრუნე ისინი?
27მე არ მაქვს ბრალი შენს წინაშე, შენ კი ბოროტებას მიკეთებ, ჩემზე რომ მოდიხარ საბრძოლველად. უფალი იყოს ახლა მსაჯული ისრაელიანთა და ყამონიანთაა შორის!
28მაგრამ ყური არ ათხოვა ყამონიანთა მეფემ იფთახის შენათვალს.
29გადმოვიდა უფლის სული იფთახზე და მან გაიარა გალაადი და მენაშე, გაიარა გალაადის მიცფა და გალაადის მიცფადან წავიდა ყამონელებზე.
30ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს,
31როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.
32წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი.
33სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი ქალაქი, და აბელ-კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს.
34შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი.
35როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე. მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას.
36უთხრა ასულმა: მამაჩემო! რაკი ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა, როცა უფალმა სამაგიერო მიაგო შენი ხელით შენს მტრებს, ყამონიანებს.
37უთხრა მამას: ოღონდ ერთი რამ შემისრულე: ორი თვით გამიშვი, წავალ, მთაში ავალ და ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ყმაწვილქალობას.
38უთხრა: წადი. ორი თვით გაუშვა, წავიდა იგი თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა თავისი ყმაწვილქალობა.
39ორი თვისა შემდეგ დაბრუნდა მამასთან და აღასრულებინა დადებული აღთქმა, ისე რომ მამაკაცი არ შეუცვნია. წესად დაიდო ისრაელში:
40წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ, მიდიან ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხი დღე იხსენებენ იფთახ გალაადელის ასულს.
Next