Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: რატომ წახვედი ყამონიანებთან საომრად და ჩვენ არ დაგვიძახე. სახლკარიანად გადაგბუგავთ.
2უთხრა მათ იფთახმა: მაგარი მტრობა გვქონდა ყამონიანებთან მე და ჩემს ხალხს. გიძახდით, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.
3როცა ვნახე, არავინ დამიხსნიდა, თავი გამოვიმეტე, წავედი ყამონიანებზე და ღმერთმა ხელში ჩამიგდო ისინი. ახლა რისთვის მეჩხუბებით?
4შეკრიბა იფთახმა ყველა გალაადელი და შეება ეფრემს. დაამარცხეს გალაადელებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ, თქვენ ეფრემიდან ხართო გადმოხვეწილნი. გალაადი ეფრემს შორისაა და მენაშეს შორისაა.
5გადაუჭრა გალაადმა ეფრემს იორდანეზე გადასასვლელი ფონი და როცა რომელიმე გადარჩენილი ეფრემიანი იტყოდა, გაღმა გადამიშვითო, ჰკითხავდნენ, ეფრემიანი ხომ არა ხარო? თუ მიუგებდა: არაო,
6უბრძანებდნენ: თქვი „შიბოლეთი“ (თავთავი). ის კი იტყოდა: „სიბოლეთი“, სხვაგვარად წარმოთქმა არ შეეძლო. მაშინ შეიპყრობდნენ და კლავდნენ იორდანეს ფონთან. ორმოცდაორი ათასი ეფრემიანი დაეცა იმჟამად.
7ექვსი წელი მსაჯულობდა იფთახი ისრაელზე. მერე მოკვდა იფთახ გალაადელი და დამარხეს გალაადის ერთერთ ქალაქში.
8მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა იბცან ბეთლემელი.
9ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, შინიდან ოცდაათი ქალი გაისტუმრა, ოცდაათი ქალი შინ მოუყვანა თავის ვაჟებს და შვიდი წელი მსაჯულობდა ისრაელზე.
10მერე მოკვდა იბცანი და დამარხეს ბეთლემში.
11მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ელონ ზებულონელი. ათი წელი მსაჯულობდა იგი ისრაელზე.
12მერე მოკვდა ელონ ზებულონელი და დამარხეს აიალონში, ზებულონის მხარეში.
13მას შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ყაბდონი, ჰილელის ძე, პირყათონელი.
14ორმოცი ვაჟი და ოცდაათი შვილიშვილი ჰყავდა, სამოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, და რვა წელი მსაჯულობდა ისრაელზე.
15მერე მოკვდა ყაბდონ ჰილელის ძე, პირყათონელი, და დამარხეს პირყათონში, ეფრემის მხარეში, ყამალეკის მთაში.
Next