Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ფილისტიმელების ხელში ამყოფა ისინი უფალმა ორმოც წელს.
2იყო იმჟამად ერთი ცორელი კაცი დანის ტომში, სახელად მანოახი. ცოლი ბერწი ჰყავდა და შვილს ვერ უჩენდა.
3გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება.
4ოღონდ ფრთხილად იყავი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო.
5რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.
6წამოვიდა ქალი და უთხრა თავის ქმარს: ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, დიდად საკრძალველი იერი. არ მიკითხავს მისთვის სადაურობა და არც მას გაუმხელია ჩემთვის თავისი სახელი.
7მითხრა: აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, ოღონდ არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო, რადგან ყმაწვილი დედის მუცლიდან სიკვდილამდე ღვთის მოწმიდარი იქნებაო.
8ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს და უთხრა: უფალო, ერთხელ კიდევ გვეწვიოს შენგან მოვლენილი ღვთისკაცი და გვითხრას, რა ვუყოთ ყმაწვილს, რომელიც გაჩნდება.
9უსმინა ღმერთმა მანოახს და ღვთის ანგელოზი ხელახლა მოვიდა ქალთან, როცა იგი ყანაში იყო, და მანოახი, მისი ქმარი, თან არ ახლდა.
10მაშინვე გამოიქცა ქალი და შეატყობინა ქმარს: აჰა, გამომეცხადა ის კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან.
11ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკა? მიუგო: მე ვარ.
12უთხრა მანოახმა: თუ მართლა ახდა შენი სიტყვა, რა უნდა ვუყოთ ამ ყმაწვილს, როგორ უნდა მოვექცეთ?
13უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი.
14არაფერს გაეკაროს ვაზისაგან მოწეულს, არც რამე უწმიდური ჭამოს. შეასრულოს ყველაფერი, რაც ვუბრძანე.
15უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: დარჩი გევედრები, თიკანს დაგიკლავ.
16უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: რაც უნდა მევედრო, მაინც არ გავტეხ შენს პურს. თუ გინდა, რომ უფალს აღსავლენი მსხვერპლი შესწირო, შესწირე. არ იცოდა მანოახმა, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.
17უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: სახელად რა გქვია? ხომ უნდა დაგლოცოთ, როცა შენი სიტყვა ახდება.
18უთხრა უფლის ანგელოზმა: რისთვის მეკითხები სახელს? საიდუმლოა იგი.
19მოიტანა მანოახმა თიკანი და ძღვენი და ქვაზე დააწყო, რომ შეეწირა უფლისათვის, ხოლო მან სასწაული მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ.
20როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. ეს რომ დაინახეს, მიწაზე დაემხვნენ მანოახი და მისი ცოლი.
21მიეფარა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალს. მაშინ კი მიხვდა მანოახი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.
22უთხრა მანოახმა ცოლს: სიკვდილი არ აგვცდება, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილეთ.
23ცოლმა უთხრა: უფალს რომ ჩვენი სიკვდილი ნდომოდა, არ მიიღებდა აღსავლენს და ძღვენს ჩვენი ხელიდან. არ დაგვანახებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერს ამას.
24შობა ქალმა ვაჟი და უწოდა სამსონი. გაიზარდა ყმაწვილი და უფალმა აკურთხა იგი.
25უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში ცორასა და ეთშაოლს შორის.
Next