თავი - 14
Previous1ჩავიდა სამსონი თიმნათში და იქ ერთი ქალი ნახა, ფილისტიმელი, და მოეწონა.
2აბრუნდა და გამოუცხადა თავის მამას და დედას: ერთი ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელი, მომიყვანეთ იგი ცოლად.
3უთხრეს მამამ და დედამ: ქალი დაილია შენს საგვარტომოში და მთელს შენს ერში, წინდაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს? უთხრა სამსონმა მამამისს: ის უნდა მომიყვანო, რადგან ის მომეწონა.
4რა იცოდნენ მისმა მამამ და დედამ, რომ ეს უფლისგან იყო და რომ იგი შემთხვევას ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ, რადგან ისრაელზე ბატონობდნენ ფილისტიმელები იმჟამად.
5წავიდა სამსონი თიმნათში თავის მამასთან და დედასთან ერთად. როცა თიმნათის ზვრებს მიუახლოვდნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მოდის მისკენ.
6მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.
7მივიდა, ელაპარაკა ქალს და თვალში მოუვიდა იგი სამსონს.
8რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა, მოკლული ლომის სანახავადაც შეუხვია და, აჰა, ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში.
9პეშვით გამოიღო, მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. როცა მამას და დედას წამოეწია, მისცა და მათაც ჭამეს, მაგრამ არ უთქვამს, რომ ეს თაფლი ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული.
10მივიდა მამამისი ქალთან და სამსონმა იქვე გადაიხადა ლხინი, როგორც სასიძოები იქცევიან ხოლმე.
11როცა იგი ნახეს, ოცდაათი მაყარი ამოურჩიეს, და ისინიც იყვნენ მასთან.
12უთხრა მათ სამსონმა: ერთ გამოცანას გეტყვით, თუ ამ შვიდ დღეში გამოიცნობთ, სანამ ლხინი გრძელდება, ოცდაათ ხელ საცვალს და ოცდაათ ხელ ტანსაცმელს მოგცემთ.
13თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი საცვალი და ოცდაათი ხელი ტანსაცმელი. მათ უთხრეს: თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ.
14უთხრა: მჭამელიდან საჭმელი გამოვიდა, ძლიერიდან ტკბილი გამოვიდა. სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა.
15მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?
16შესტირა ცოლმა სამსონს და უთხრა: გძულებივარ, კი არ გყვარებივარ. გამოცანა მიგიცია ჩემიანებისათვის, ახსნას კი არ მეუბნები. მან უთხრა: ჩემი მამისთვის და დედისთვისაც არ მითქვამს მისი ახსნა, შენ როგორ გეტყვი?
17შვიდი დღე შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ლხინი გრძელდებოდა. ბოლოს, მეშვიდე დღეს, თავი რომ მოაბეზრა, უთხრა ახსნა.
18მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე, უთხრეს მას თიმნათელებმა: რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი? უთხრა: ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას.
19მოიცვა იგი უფლის სულმა, წავიდა ასკალონში, დახოცა ოცდაათი კაცი, გახადა ტანსაცმელი და ჩამოურიგა თითო-თითო ხელი გამოცანის გამომცნობლებს. მერე გაცეცხლებული მამის სახლში დაბრუნდა.
20სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მექორწინეს მისთხოვდა, ქმრის მაყარს.
Next