Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1გამოხდა ხანი, და პურისმკის დროს წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად და ერთი თიკანი წაიყვანა. თქვა: შევალ ჩემს ცოლთან სანთიობოშიო, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა.
2უთხრა ქალის მამამ: მეგონა, გული აიყარე მასზე, და შენს მაყარს მივათხოვე. აი, უმცროსი და მასზე ლამაზია, ეგ წაიყვანე მის ნაცვლად.
3უთხრა მათ სამსონმა: ხომ მართალი ვიქნები ფილისტიმელებთან, ავი საქმე რომ დავმართო?
4წავიდა სამსონი, დაიჭირა სამასი მელა, აიღო ჩირაღდნები, ორ-ორ მელას კუდები ერთმანეთზე გადაუსკვნა და ზედ თითო ჩირაღდანი მიაბა.
5აანთო ჩირაღდნები და შეუშვა ფილისტიმელების ყანებში. გადაუწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის ბაღებიც.
6თქვეს ფილისტიმელებმა: ვინ ჩაიდინა ეს საქმე? მიუგეს: სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან ამ თიმნათელმა აიღო და მის მაყარს მიათხოვა მისი ცოლი. წავიდნენ ფილისტიმელები და ცეცხლში ამობუგეს მამა-შვილი.
7უთხრა მათ სამსონმა: რაკი ასე მომექეცით, ვერ მოვისვენებ, სანამ თქვენს ჯავრს არ ამოვიყრი.
8მაგრად ურტყა მათ წვივებზე და თეძოებზე. მერე წავიდა და ყეტამის კლდეში ეხს შეაფარა თავი.
9წავიდნენ ფილისტიმელები, იუდაში დაბანაკდნენ და განივრცნენ ლეხამდე.
10უთხრეს იუდიანებმა: რატომ წამოხვედით ჩვენზე? მიუგეს: სამსონის შესაპყრობად წამოვედით, ის უნდა დავმართოთ, რაც ჩვენ დაგვმართა.
11მივიდა სამასი კაცი იუდადან ყეტამის კლდის ეხთან და უთხრა სამსონს: ვითომ არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე? ეს რა ჭირში ჩაგვყარე?
12უთხრეს: მოვედით, რომ შეგიპყროთ და ხელთ მიგცეთ ფილისტიმელებს. უთხრა სამსონმა: შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ.
13უთხრეს: არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს. მოკვლით არ მოგკლავთო. ორი ახალი თოკით გაკოჭეს და წაიყვანეს ეხიდან.
14ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვივნენ ფილისტიმელები. უფლის სული გადმოვიდა მასზე, თოკები, რომლებითაც ხელები ჰქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.
15ვირის ახალი თავყბა იპოვა, ხელით დასწვდა, აიღო და ათასი კაცი დახოცა იმით.
16თქვა სამსონმა: ვირის თავყბით ვირთა დასიო, ვირის ყბით ვხოცე ათასიო.
17ეს რომ თქვა, გააგდო ვირის თავყბა ხელიდან და უწოდა იმ ადგილს რამათ-ლეხი.
18ძალიან მოსწყურდა და შეევედრა უფალს: ეს დიდი საქმე ხომ ჩაიდინე შენი მორჩილის ხელით, ნუთუ ახლა წყურვილმა უნდა მომკლას და წინდაუცვეთელებს ჩავუვარდე ხელში?
19გააჩინა ღმერთმა ლეხში ნაპრალი და ამოხეთქა იქიდან წყალმა. დალია სამსონმა, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომაც ეწოდა იმ ადგილს ვედრების წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში.
20იგი ოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული ფილისტიმელების დროს.
Next