Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1ჩავიდა სამსონი ღაზაში, იქ ერთი მეძავი ნახა და შევიდა მასთან.
2შეიტყვეს ღაზელებმა, სამსონი ჩამოსულაო. გარს უვლიდნენ და მთელი ღამე უდარაჯებდნენ ქალაქის კარიბჭესთან, მთელი ღამე გაყუჩებულები იყვნენ, ამბობდნენ, გათენებამდე მოვკლავთო.
3შუაღამემდე ეძინა სამსონს. შუაღამით ადგა, მოხვია ხელი ქალაქის კარსა და ორივე ბჭეს, ურდულიანად მოგლიჯა, მხარზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა ხებრონს გადაღმა.
4ამის შემდეგ ერთი ქალი შეუყვარდა სორეკის ხევში, სახელად დალილა.
5მივიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: შეუჩნდი და გამოსტყუე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად და დასამორჩილებლად. სამაგიეროდ ათას ვერცხლს მოგცემთ თითოეული.
6უთხრა სამსონს დალილამ: მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა, რითი უნდა შეგკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს?
7სამსონმა უთხრა: შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
8მოატანინა ფილისტიმელთა მთავრებს შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და იმით შეკრა დალილამ სამსონი.
9ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა სამსონს დალილამ: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ დაყნოსავს. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.
10უთხრა სამსონს დალილამ: აჰა, ხომ მომატყუე და გამაბრიყვე. ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?
11სამსონმა უთხრა: ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
12აიღო დალილამ ახალთახალი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული. ძაფებივით შემოიწყვიტა მკლავებზე.
13უთხრა სამსონს დალილამ: აქამდე მატყუე და მაბრიყვე. მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა? მან მიუგო: თუ ჩემი თმის შვიდ კოწოლს საძახველში ჩაგრეხ.
14პალო დაასო და უთხრა: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახველის პალოცა და ნაძახვიც.
15უთხრა დალილამ: როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა.
16რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და საშველს არ აძლევდა, სიცოცხლე მოსძულდა სამსონს.
17გამოუტყდა და უთხრა: სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთის მოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
18დაინახა დალილამ, რომ მან გული გადაუხსნა. შეუთვალა ფილისტიმელთა მთავრებს: ახლა კი ამოდით, გამომიტყდა. ამოვიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს.
19კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე კოწოლი მოაპარსვინა. იწყო სამსონმა დასუსტება, გამოეცალა თავისი დიდი ძალა.
20უთხრა დალილამ: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა და იფიქრა: ავდგები და წინანდებურად დავიხსნიო თავს. მაგრამ არ იცოდა, რომ ღმერთმა პირი იბრუნა მისგან.
21შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ხუნდები დაადეს და იყო სატუსაღოში მეხელსაფქვავედ.
22ამასობაში იწყო თმამ წამოზრდა მის გადაპარსულ თავზე.
23შეიყარნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, და ემხიარულათ. ამბობდნენ: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო სამსონი, ჩვენი მტერი!
24ხედავდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს და ამბობდა: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენიანი გაწყვიტა!
25როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ჰყავდათ დაყენებული.
26უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელიც ხელჩაკიდებული დაატარებდა: მიმიყვანე, რომ ხელი შევავლო სვეტებს, რომლებზედაც სახლი დგას, და მივეყუდო.
27სახლი კი კაცებითა და ქალებით იყო სავსე. ფილისტიმელთა ყველა მთავარს იქ მოეყარა თავი. სამი ათასამდე კაცი და ქალი ბანზე გასულიყო და უყურებდა სამსონის გაპამპულებას.
28შეჰღაღადა სამსონმა უფალს და უთხრა: უფალო ღმერთო, გამიხსენე! ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ მივუზღო ფილისტიმელებს ჩემი ორი თვალის სამაგიერო!
29მოსინჯა სამსონმა ორივე შუათანა სვეტი, რომლებზედაც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.
30თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგმყოფ ხალხს. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დანახოცი.
31ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლობა, აიღეს იგი და წაასვენეს და მამამისის, მანოახის სამარხში დამარხეს ცორასა და ეშთაოლს შორის. იგი ოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული.
Next