თავი - 21
Previous1ფიცი დადეს ისრაელიანებმა მიცფაში და თქვეს: არც ერთმა ჩვენთაგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინიანს.
2მივიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ.
3ამბობდნენ: უფალო, ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ისეთი რამ ისრაელში, რომ დღეს მთელი ერთი შტო გამოაკლდა ისრაელს?
4მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი, ააგო იქ სამსხვერპლო, და აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი მიიტანა.
5თქვეს ისრაელიანებმა: ვინ არ მოვიდა შესაკრებელში უფლის წინაშე ისრაელის შტოთაგან? რადგან დიდი წყევლა ჰქონდათ წარმოთქმული, სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ვინც არ გამოცხადდებოდა. უფლის წინაშე მიცფაში.
6შეებრალათ ისრაელიანებს ბენიამინი, თავიანთი ძმა და თქვეს: მთელი ერთი შტო მოიკვეთა დღეს ისრაელიდან.
7რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ დანარჩენებთან ცოლების თაობაზე, აკი უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ გავათხოვებთო მათზე?
8თქვეს: ვინმე ხომ არ დარჩა მოუსვლელი ისრაელის შტოთაგან უფლის წინაშე მიცფაში? აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გალაადის იაბეშიდან უფლის წინაშე ბანაკში, შესაკრებელში.
9შეამოწმეს ხალხი, და აჰა, არავინ იყო იქ გალაადის იაბეშიდან.
10გაგზავნა მათთან საზოგადოებამ თორმეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები, უბრძანა: წადით და დედაწულიანად მახვილით მოსრეთ გალაადის იაბეშის მკვიდრნი.
11ასე ჰქენით: ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოკალით.
12ნახეს გალაადის მკვიდრთა შორის მამაკაცის საწოლის უნახავი ოთხასი ქალწული და მიიყვანეს ბანაკში, სილოამში, რომელიც ქანაანის მხარეშია.
13კაცები - დაგზავნა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოლაპარაკებოდა რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინიანებს და ზავი გამოეცხადებინათ მათთვის.
14დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინიანები და მისცეს ისრაელიანებმა ქალები, რომლებიც ცოცხალი დატოვეს გალაადის იაბეშის ქალთაგან, მაგრამ არ შეხვდა ყველას.
15ნანობდა ხალხი ბენიამინის გამო, რომ დაანაკლისა უფალმა ისრაელი.
16თქვეს საზოგადოების უხუცესებმა: როგორ მოვიქცეთ დარჩენილებთან ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდნენ ბენიამინს.
17თქვეს: მემკვიდრეობა მიეცეს დარჩენილ ბენიამინიანებს, რომ შტო არ გაქრეს ისრაელიდან.
18მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებდი, რადგან ფიცი დასდეს ისრაელიანებმა და თქვეს: წყეული იყოს, ვინც ქალი მისცეს ბენიამინს.
19თქვეს: აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება სილოამში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელ-შექემის გზის აღმოსავლეთით. და ლებონის სამხრეთით მდებარეობს.
20უბრძანეს ბენიამინიანებს: წადით და ვენახებში ჩასაფრდით.
21თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან, და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში.
22როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს ხდება. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი იქნებოდით.
23ბენიამინიანები ასეც მოიქცნენ: თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცა მეფერხულეთაგან და ითხოვეს. მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ წილხვდომილში, ააშენეს ქალაქები და ცხოვრობდნენ შიგ.
24მაშინ წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელიანები. თითოეული თავის შტოში და საგვარეულოში, ყველა თავის წილხვედრში დაბრუნდა იქიდან.
25იმ დროში მეფე არა ჰყავდა ისრაელს, ვის როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა.
Next