Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1ეს მოხდა მსაჯულთა მსაჯულობის დროს, როცა ქვეყანაში შიმშილი იყო. წავიდა ერთი კაცი იუდას ბეთლემიდან მოაბის ველზე საცხოვრებლად თავისი ცოლითა და ორი ვაჟითურთ.
2კაცს ერქვა ელიმელექი, მის ცოლს ნაყომი; ვაჟებს მახლონი და ქილიონი. ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ მოაბის ველზე და იყვნენ იქ.
3მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი, და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ვაჟით.
4მოიყვანეს ვაჟებმა ცოლად მოაბელი ქალები. ერთის სახელი იყო ყორფა, მეორისა - რუთი. და ცხოვრობდნენ იქ ათიოდე წელი.
5დაიხოცნენ ეს ორნიც - მახლონი და ქილიონი, და დარჩა დედაკაცი უშვილოდ. და უქმროდ.
6ადგა და დაბრუნდა თავისი რძლებითურთ მოაბის ველიდან, რადგან შეიტყო მოაბის ველზე, რომ მოხედა უფალმა თავის ერს და მისცა პური.
7გავიდა თავის ორ რძალთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა, და იუდას ქვეყნისაკენ დაადგა გზას.
8უთხრა ნაყომიმ თავის ორ რძალს: წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედის სახლში. სიკეთით გადაგიხადოთ! უფალმა. თქვენი ამაგი გარდაცვლილებზე და ჩემზე.
9უფალმა გაპოვნინოს ორთავეს მყუდრო ცხოვრება თქვენ-თქვენი ქმრების ხლში. და გადაკოცნა ისინი. მათ კი ხმამაღალი ტირილი დაიწყეს.
10უთხრეს მას: წამოგყვებით შენს ხალხთან.
11უთხრა ნაყომიმ: გაბრუნდით, შვილებო, რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ?
12გაბრუნდით, შვილებო, წადით! დავბერდი, აღარ მეყოლება ქმარი. კიდეც რომ მქონდეს იმედი, კიდეც რომ ვიქნე ამაღამ ქმართან და ვშობო ვაჟები,
13განა თქვენ დაელოდებით მათ დაზრდას? განა უარს იტყვით გათხოვებაზე? არა, შვილებო, ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი.
14კვლავ ხმამაღალი ტირილი დაიწყეს. გადაკოცნა ყორფამ დედამთილი, რუთი კი მიეკრო მას.
15უთხრა: ხედავ, უბრუნდება შენი რძალი თავის ხალხსა და ღმერთს. მიჰყევი შენს რძალს.
16თქვა რუთმა: ნუ მაიძულებ დაგტოვო და წავიდე შენგან, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია.
17სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა.
18რაკი დაინახა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან ერთად წასვლა, შეწყვიტა ლაპარაკი.
19იარეს ამ ორთა, ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს. ბეთლემში მისვლისას შეიძრა მთელი ქალაქი მათ გამო. ამბობდნენ, ნაყომი ხომ არ არისო ეს დედაკაცი?
20უთხრა მათ: ნუღა დამიძახებთ ნაყომის (სიამეს), დამიძახეთ მარა (გამწარებული), რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა.
21სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღატომ უნდა მეძახდეთ ნაყომის? გამტანჯა უფალმა და გამაუბედურა ყოვლადძლიერმა.
22დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად, რომელიც მოაბის ველიდან წამოჰყვა მას. მკათათვის დასაწყისი იყო, როცა ბეთლემში მოვიდნენ ისინი.
Next