Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში.
2გაემზადნენ მთელი ერის თავკაცები და ისრაელის ყოველი ტომი საღვთო ერის შესაკრებელში - ოთხასი კაცი, მახვილის ამღები.
3შეიტყვეს ბენიამინიანებმა ისრაელიანთა მისვლა მიცფაში. თქვეს ისრაელიანებმა: გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?
4უთხრა პასუხად ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა: ღამის გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში ჩემს ხარჭასთან ერთად.
5აღდგნენ გიბყელები ჩემზე, გარს შემოერტყნენ სახლს, საცა მე ვიდექი, და მოკვლას მიპირებდნენ. ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი.
6წამოვასვენე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი და ისრაელის ყველა წილხვედრილ მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და სამარცხვინო საქმე მოახდინეს ისრაელში.
7აჰა, ყველამ, მთელმა ისრაელობამ, განიხილოს და აქვე გადაწყვიტოს ეს საქმე.
8ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა: არც ერთი ჩვენთაგანი არ წავიდეს თავის კარავში, არავინ დაბრუნდეს შინ.
9აი, რა უნდა ვუყოთ დღეს გიბყას: წილისყრით უნდა გავილაშქროთ მასზე.
10ისრაელის თითოეულ ტომში ასიდან ათი კაცი შევარჩიოთ, ათასიდან ასი, ათი ათასიდან ათასი და საგზალი მოვატანინოთ მათთვის, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც მოახდინა ისრაელში.
11ერთი კაცივით ერთპირად შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ ყველა ისრაელიანი.
12გაგზავნეს კაცები ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელს ტომში და შეუთვალეს: ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში.
13ახლა მოგვეცით ის წამხდარი ხალხი, გიბყაში რომ გყოლიათ, სიკვდილით დავსჯით მათ და აღმოვფხვრით ბოროტებას ისრაელიდან. მაგრამ ბენიამინიანებმა არ შეისმინეს თავიანთ მოძმეთა, ისრაელიანთა სიტყვა.
14გიბყაში შეიკრიბნენ ბენიამინელები თავ-თავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელიანებისთვის.
15აღირიცხა იმ დღეს ქალაქებიდან შემოკრებილი ბენიამინიანები - ოცდაექვსი ათასი კაცი, იარაღის ამღები. მათ გარდა გიბყელთაგან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი აღირიცხა.
16მთელი აძ ხალხიდან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა შურდულით ქვა, არ აუცდებოდა.
17ისრაელიანები, ბენიამინიანთა გამოკლებით, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები. ყოველ იმათგანი მეომარი იყო.
18ადგნენ და მივიდნენ ღვთის სახლში. ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად? უთხრა უფალმა: პირველი იუდა გავიდეს.
19დილით ადგნენ ისრაელიანები და გიბყის მახლობლად დაბანაკდნენ.
20გამოვიდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებთან საომრად. დადგნენ საბრძოლოდ წყობით გიბყის ახლოს.
21გამოვიდნენ ბენიამინიანები გიბყიდან და გაანადგურეს ოცდაორი ათასი ისრაელიანი იმ დღეს.
22მაგრამ მხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა და კვლავ დადგა საბრძოლოდ წყობით იმ ადგილას, სადაც წინადღით იდგა.
23წავიდნენ ისრაელიანები, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ეკითხებოდნენ უფალს: ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად? უფალმა უთხრა: გაილაშქრეთ მასზე.
24კვლავ შემოადგნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს მეორე დღეს.
25გამოვიდა მათ წინააღმდეგ ბენიამინი გიბყიდან მეორე დღეს და კვლავ გაანადგურა ისრაელიანები, თვრამეტი ათასი კაცი მახვილის ამღები.
26გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს.
27ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს (იმ ხანებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა,
28და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აარონის ძისა, იყო მის წინამდგომლად): ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან, საბრძოლველად? უთხრა უფალმა: გაილაშქრეთ, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას.
29ჩასაფრდა ისრაელი გიბყის ირგვლივ.
30გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინიანებზე მესამე დღეს და წინანდებურად საბრძოლო წყობით განლაგდნენ გიბყის წინ.
31გამოვიდნენ ბენიამინიანები ერის წინააღმდეგ და შორს გასცდნენ ქალაქს; იწყეს უწინდებურად ხალხის ხოცვა გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელში მიდის, მეორე კი - გიბყაში ყანებზე, და ოცდაათამდე ისრაელიანი დახოცეს.
32თქვეს ბენიამინიანებმა: უწინდებურად ეცემიან ჩვენს წინაშე. ისრაელიანებმა კი თქვეს: უკუვიქცეთ მათგან და ქალაქიდან გზებზე გავიტყუოთ.
33ადგნენ ისრაელიანები თავ-თავიანთი ადგილებიდან და ბაალ-თამარში განლაგდნენ. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ თავ-თავიანთ ადგილებიდან გიბყის ველზე.
34მიადგა გიბყას მთელი ისრაელის ათი ათასი რჩეული ვაჟკაცი და სასტიკი ბრძოლა გაიმართა. მაგრამ ბენიამინიანებმა არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ.
35დაამარცხა უფალმა ბენიამინი ისრაელიანთა წინაშე და იმ დღეს ისრაელიანებმა ოცდახუთი ათას ასი კაცი გაანადგურეს ბენიამინიანთაგან, მახვილის ამღები.
36დაინახეს ბენიამინიანებმა, რომ დამარცხდნენ. ისრაელიანებმა ადგილი უტიეს ბენიამინიანებს, რადგან ჩასაფრებულთა იმედი ჰქონდათ, მათი, ვინც გიბყის ახლოს ჩაასაფრეს.
37ჩასაფრებულები გაეჩქარნენ გიბყისკენ, შეიჭრნენ და მახვილით მოსრეს მთელი ქალაქი.
38ისრაელიანებს ნიშანი ჰქონდათ ჩასაფრებულებთან დათქმული - ქალაქზე ავარდნილი დიდი კვამლი.
39დაიხიეს ბრძოლის ველიდან ისრაელიანებმა, ბენიამინი კი მუსრს ავლებდა ისრაელიანებს, გაწყვიტა ოცდაათამდე კაცი, თქვა: ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე როგორც ამასწინდელი ბრძოლების დროსო,
40და სწორედ მაშინ აღიმართა ქალაქზე კვამლის სვეტი. მოიხედა ბენიამინმა და, აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი.
41გამობრუნდნენ ისრაელიანები, ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა, რომ უბედურება დაატყდა.
42გაექცნენ ისრაელიანებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ლაშქარი ბრძოლით მისდევდა მათ და ქალაქებიდან გამოსულებიც ხოცავდნენ გზადაგზა.
43შემოეჯარნენ ბენიამინს, მანუხამდე სდიეს და ჟლიტეს გიბყამდე, აღმოსავლეთით.
44დაეცა ბენიამინიანთაგან თვრამეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები.
45გადარჩენილნი მიუბრუნდნენ და უდაბნოსკენ, რიმონის კლდისკენ გაიქცნენ, გზადაგზა კიდევ ხუთი ათასი კაცი დახოცეს ისრაელიანებმა, გიდომამდე სდიეს და კიდევ ორი ათასი კაცი დახოცეს.
46მთლიანად კი იმ დღეს ოცდახუთი ათასი ბენიამინიანი დაეცა, მახვილის ამღები. ყველა მათგანი მაგარი ვაჟკაცი იყო.
47გადარჩენილი ექვსასი კაცი გაბრუნდა და უდაბნოში, რიმონის კლდისკენ გაიქცა და იყვნენ იქ, რიმონის კლდეებში, ოთხი თვე.
48კვლავ მიუბრუნდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს და მახვილით მოსრეს ქალაქში მყოფი ხალხიც და პირუტყვიც, ყველაფერი, რაც იქ დახვდათ, და ყველა ქალაქი, რაც კი იყო, ცეცხლს მისცეს.
Next