Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი,
2რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“.
3მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“.
4და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი.
5ხოლო მათ ზემოთ - ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე.
6ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად.
7მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო.
8ამით სული წმიდა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმიდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი.
9ესაა ნიმუში აწმყო დროისა, როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს, რასაც არ ძალუძს სრულყოს შემწირველის სინიდისი.
10რადგანაც ესაა მხოლოდ სასმელ-საჭმელი, სხვადასხვაგვარი განბანა და ხორციელ წესთა აღსრულება, გამოსწორების დრომდე დადგენილი.
11ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით.
12კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა.
13ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი,
14განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?
15ამიტომაც არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა სიკვდილით, რომლითაც აღესრულა, გამოესყიდა პირველი აღთქმისას ჩადენილი დანაშაულნი და, ამრიგად, საუკუნო მემკვიდრეობისთვის ხმობილთ მიეღოთ აღთქმული.
16ვინაიდან სადაც არის ანდერძი, იქ აუცილებელია მეანდერძის სიკვდილი.
17რადგანაც ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, და არა მანამ, სანამ ცოცხალია მეანდერძე.
18ამიტომ არც პირველი აღთქმა დამტკიცებულა სისხლის გარეშე.
19რადგანაც მოსემ, ყველა მცნება რჯულისამებრ რომ წარმოსთქვა ხალხის წინაშე, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი, წყალთან, მეწამულ მატყლსა და უსუპთან ერთად, და ასხურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხსაც,
20და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, ღმერთმა რომ გამცნოთ თქვენ“.
21თვით კარავსა და საღვთისმსახურო ჭურჭელსაც ასხურა სისხლი.
22ასე რომ, რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება.
23ამრიგად, ზეციერთა ხატებანი ამით უნდა იწმიდებოდნენ, ხოლო თვით ზეციერნი - ამაზე უკეთესი მსხვერპლით.
24რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმიდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს,
25იმიტომ კი არა, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმიდარში,
26თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა.
27და როგორც ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა,
28ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.
Next