თავი - 8
Previous1ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას.
2ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
3რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი; ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი.
4მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს,
5და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“.
6ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული.
7რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს?
8ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: „აჰა, მოვლენ დღენი, - ამბობს უფალი, - როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.
9იმნაირ აღთქმას კი არა, მათ მამებს რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; მაგრამ რაკი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელვყავ ისინი, ამბობს უფალი.
10აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
11აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები.
12ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს.
13ხოლო „ახალიო“ რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია.
Next