თავი - 7
Previous1რადგანაც მელქისედეკი, მეფე სალემისა, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ შემოქცეულს, და აკურთხა იგი.
2ხოლო აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილადა მას, ვისი სახელიც, უწინარეს ყოვლისა, განიმარტება როგორც „სიმართლის მეფე“, შემდეგ კი - „მეფე სალემისა“, ანუ „მშვიდობის მეფე“.
3უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ, მსგავსად ღვთის ძისა, მღვდლად რჩება უკუნისამდე.
4მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილადა.
5ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნებადა აქვთ, მეათედს კრეფდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი.
6იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე.
7ხოლო, ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ.
8აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, იქ კი - ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია.
9და, ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი.
10ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი.
11ამრიგად, სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული), რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო?
12ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც.
13რადგან ვისზედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს.
14ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს.
15და ეს მით უფრო ცხადია, რომ, მელქისედეკის მსგავსად, დგება სხვა მღვდელი,
16რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით.
17რადგანაც გვაქვს მოწმობა: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“.
18უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება,
19რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს.
20და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე,
21(ვინაიდან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს - ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა)“, -
22იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო.
23ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას,
24ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს.
25ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად.
26სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,
27რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.
28ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
Next