Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი. ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,
2ნათლისღების, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.
3ასეც მოვიქცევით, თუკი ინება ღმერთმა.
4რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
5შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი,
6მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ.
7რადგანაც მიწა, მასზე ხშირ-ხშირად დადენილ წვიმას რომ ისრუტავს და მიწის მუშაკთათვის სარგო ნათესს აღმოაცენებს, ღვთისაგან იღებს კურთხევას.
8ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა.
9თუმცა თქვენ, საყვარელნო, მიუხედავად ამ სიტყვებისა, გვწამს, რომ უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილნი.
10რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ.
11მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.
12რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.
13რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა,
14და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“.
15და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა.
16ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული.
17ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს.
18რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,
19რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,
20სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
Next