თავი - 5
Previous1რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის.
2მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით.
3ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად.
4თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად.
5ასე ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“.
6ხოლო სხვა ადგილას ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“,
7რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
8და თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება.
9ასე რომ, სრულქმნილი, მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა.
10და იწოდა ღვთის მიერ მღვდელმთავრად, წესისამებრ მელქისედეკისა.
11ბევრი რამ შეგვეძლო გვეთქვა ამის თაობაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან სმენის თავი აღარა გაქვთ.
12მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი.
13მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია.
14უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.
Next