თავი - 10
Previous1რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი.
2ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა.
3მაგრამ მსხვერპლშეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას.
4რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით.
5ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე.
6სრულდასაწველრ და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე.
7მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრუღთ შენი ნება, ღმერთო“.
8ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო,
9შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს.
10სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
11რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას.
12მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.
13მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ.
14რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი.
15ამასვე გვიმოწმებს სული წმიდაც, რადგანაც ნათქვამია:
16„ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, - ამბობს უფალი, - ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ.
17აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას“.
18ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება.
19ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,
20ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით,
21და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში,
22მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,
23მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი.
24ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი.
25ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას.
26რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის.
27არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი.
28თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,
29როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?
30რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“.
31მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში!
32გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი;
33როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ.
34ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.
35მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის.
36მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
37ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი.
38მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული.
39მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად.
Next