თავი - 6
Previous1უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.
2რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
3ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას,
4მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი,
5გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ.
6თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.
7რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ.
8თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.
9ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.
10რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.
11შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;
12იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.
13გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, -
14წმიდად და უბიწოდ დაიმარხე მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე,
15რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი,
16ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ.
17მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;
18რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,
19და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.
20ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,
21რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.
Next