თავი - 1
Previous1პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, თანახმად სიცოცხლის აღთქმისა ქრისტე იესოში, -
2ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
3ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;
4შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით.
5მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.
6ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა.
7რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.
8მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,
9რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,
10ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით;
11ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი,
12ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის.
13სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში.
14შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.
15შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც.
16წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.
17არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.
18ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.
Next