Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი - როგორც ძმებს,
2დედაბრებს - როგორც დედებს, ქალწულებს - როგორც დებს, მთელი სიწმიდით.
3პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც მართლა ქვრივები არიან.
4ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს.
5ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ლოცვა-ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს.
6განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია.
7ეს ამცნე მათ, რათა უბიწონი იყვნენ.
8ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი.
9ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი
10და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებული, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს.
11ახალგაზრდა ქვრივებს კი ნუ მიიღებ, რადგანაც ქრისტეს ზურგს აქცევენ და კვლავ გათხოვება სურთ,
12რისთვისაც სასჯელის ღირსნი არიან, ვინაიდან უარყვეს უწინდელი რწმენა.
13ეგეც არ იყოს, უქმად ყოფნასა და კარდაკარ წანწალს ეჩვევიან, და არა მარტო უქნარანი არიან, არამედ ყბედნიც, ცნიაბისმოყვარენიც და უტიფრად მოჭარტალენიც.
14ამიტომ მინდა, რომ ახალბაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისობას მიჰყონ ხელი და გმობის საბაბი არ მისცენ მტერს.
15რადგანაც ზოგმა უკვე გზას გადაუხვია და სატანის კვალს შეუდგა.
16თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ქვრივი ნათესავები ჰყავს, დაეხმაროს მათ, რომ ეკლესიას არ დააწვნენ ტვირთად და, ამრიგად, მან შესძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა.
17ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ.
18რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა“.
19ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე.
20შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად.
21ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, ურღვევლად დაიცავი ჩემი რჩევა და ნურაფერს აღასრულებ მიკერძოებით.
22ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე და წმიდად შეინახე თავი.
23ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას.
24ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.
25ასევე წინასწარვე ცხადნი არიან კეთილი საქმენიც, თუ არა და, ბოლოს მაინც არ დაიფარვიან.
Next