Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1ეს რომ გაიგეს მეფეებმა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ, მთაში და ბარში, დიდი ზღვის მთელს სანაპიროზე, ლიბანის პირდაპირ - ხეთელებმა, ამორეველებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხივიელებმა და იებუსელებმა,
2ერთად შეიყარნენ, რომ ერთ პირზე მდგარნი შებრძოლებოდნენ იესოს და ისრაელს.
3გაიგეს გაბაონელებმაც, რაც უყო იესომ იერიხონს და ჰაღაის,
4და მათაც იხმარეს ხერხი: ადგნენ და მოიმარაგეს საგზალი, აჰკიდეს სახედრებს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეული და დაკერებული ტიკები.
5ფეხსაცმელიც ძველი და დაკერებული ეცვათ ფეხზე და სამოსელიც ძველი ემოსათ, პურიც, მათი საგზალი, გამხმარი და დაობებული იყო.
6მივიდნენ იესოსთან გილგალის ბანაკში და მოახსენეს მას და მთელს ისრაელობას: შორი ქვეყნიდან მოვედით, და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ.
7უთხრა ისრაელმა ხივიელს: იქნებ ჩემს ახლოს ცხოვრობ? როგორ დაგიდო აღთქმა?
8უთხრეს იესოს: შენი მორჩილები ვართ. მიუგო მათ იესომ: ვინა ხართ და საიდან მოხვედით?
9მიუგეს: ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მორჩილნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,
10ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა რომ არიან, სიხონს, ხეშბონის მეფეს, და ყოგს, ბაშანის მეფეს, ყაშთაროთელს.
11გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის მკვიდრებმა: აიღეთ საგზალი, წადით და შეხვდით მათ, უთხარით, თქვენი მორჩილნი ვართ და ახლა გვინდა, რომ აღთქმა დაგვიდოთ-თქო.
12ჯერ კიდევ თბილი იყო ეს ჩვენი პური, როცა სახლიდან საგზლად წამოვიღეთ და თქვენსკენ წამოვედით. ახლა, ხომ ხედავთ, გამხმარია და დაობებული.
13ეს ღვინის ტიკებიც, ახლები რომ ავავსეთ, დახეულია; ეს ტანისამოსიც და ფეხსაცმელიც გაგვეცვითა შორ გზაზე.
14გამოართვეს ისრაელიანებმა საგზალი, ისე რომ არც დაკითხვიან უფლის ბაგეს.
15ზავი შეკრა მათთან იესომ და აღთქმა დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა მათ. ფიცით შეფიცეს საზოგადოების თავკაცებმაც.
16სამი დღე რომ გავიდა აღთქმის დადებიდან, შეიტყვეს, რომ მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს სახლებულან.
17დაიძრნენ ისრაელიანები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს. მათი ქალაქები იყო: გაბაონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათ-იეყარიმი.
18არ გაჟლიტეს ისინი ისრაელიანებმა, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი ჰყავდათ მათთვის დაფიცებული საზოგადოების თავკაცებს. აუმხედრდა თავკაცებს მთელი საზოგადოება.
19უთხრეს თავკაცებმა მთელს საზოგადოებას: უფალი, ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ მათ. ახლა მათი ხელის ხლებაც არ შეგვიძლია.
20ასე მოვექცეთ მათ: ცოცხლები დავტოვოთ, რათა არ დაგვატყვდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ.
21უთხრეს მათ თავკაცებმა: იცოცხლონ. ხის მჭრელებად და წყლის მზიდავებად დაუდგნენ ისინი მთელს საზოგადოებას, როგორც გადაუწყვიტეს მათ თავკაცებაა.
22დაიბარა ისინი იესომ და ასე ელაპარაკა მათ: რატომ მოგვატყუეთ, ძალიან შორსა ვართო თქვენგან, ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ.
23დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი!
24მიუგეს იესოს და უთხრეს: გაგებული ჰქონდათ თქვენს მორჩილთ, რაც გამოუცხადა შენმა ღმერთმა მოსეს, თავის მორჩილს, რიამ თქვენ მოგცემდათ მთელს ამ ქვეყანას და გადააშენებდა ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს თქვენს წინაშე. დიდად შეგვეშინდა თქვენი და ამიტომაც მოვიქეცით ასე.
25აჰა, შენს ხელთა ვართ ახლა. როგორც გიჯობდეს და სამართლიანად მიგაჩნდეს, ისე მოგვექეცი.
26ასე მოექცა იესო: დაიფარა ისინი ისრაელიანთაგან და ვერ დახოცეს.
27დაუყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მზიდავებად საზოგადოებას და უფლის სამსხვერპლოს უფლის მიერ არჩეულ ადგილას, დღევანდლამდე.
Next