თავი - 8
Previous1უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები; თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის, იცოდე, შენს ხელში ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი ქვეყანა.
2ისე მოექეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხონს და მის მეფეს მოექეცი. ოღონდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. ქალაქის უკან საფარი მოიწყვეთ.
3ადგა იესო და მთელი მეომარი ხალხი ჰაღაიზე გასალაშქრებლად; ამოარჩია იესომ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და გაგზავნა ღამით.
4ასე უბრძანა მათ: იცოდეთ, საფარში უნდა ისხდეთ ქალაქის უკან, შორს არ გასცდეთ ქალაქს და მზად იყავით.
5მე და დანარჩენი ხალხი, ვინც კი მახლავს, ქალაქს მივადგებით. როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს დასახვედრად, გავექცევით მათ.
6უკან გამოგვყვებიან და ასე გამოვიტყუებთ ქალაქიდან; რადგან იფიქრებენ, მაშინდელივით გაგვირბიანო. და ჩვენც გავექცევით.
7მაშინ წამოიშალეთ საფარიდან და აიღეთ ქალაქი. ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
8როცა ქალაქს დაიკავებთ, ცეცხლი წაუკიდეთ ქალაქს. უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით. იცოდეთ, მე გიბრძანებთ.
9გაგზავნა ისინი იესომ და წავიდნენ საფარში. ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის, დასავლეთით. იესომ კი თავის ხალხთან გაათია ის ღამე.
10ადგა დილაადრიანად იესო, დაათვალიერა ხალხი და ისრაელის უხუცესებთან ერთად ჰაღაისკენ წაუძღვა ხალხს.
11მეომრები, ვინც მას ახლდნენ, ავიდნენ, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს, და დაიბანაკეს ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო მათსა და ჰაღაის შორის.
12გამოარჩია ხუთიათასამდე კაცი და ჩაასაფრა ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით.
13მოაწყო ხალხმა მთელი ბანაკი, ქალაქის ჩრდილოეთით რომ იყო, და მისი ქუსლი ქალაქის დასავლეთით მოაქცია. გავიდა იმ ღამით იესო შუაგულ ველზე.
14როგორც კი ეს დაინახა ჰაღაის მეფემ, სასწრაფოდ აიმართნენ ქალაქის მამაკაცები და გავიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დათქმულ ადგილას, დავაკებაზე. არ იცოდა, თუ მტერი იყო ჩასაფრებული ქალაქის უკან.
15თითქოს დამარცხდნენო, უდაბნოსკენ უკუიქცა მათგან იესო და მთელი ისრაელი.
16ყიჟინა დასცა ქალაქში მყოფმა ხალხმა და უკან დაედევნა მათ, დაედევნენ იესოს და მოსწყდნენ ქალაქს.
17კაციშვილი არ დარჩენილა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ გაჰკიდებოდა უკან. ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს.
18უთხრა უფალმა იესოს: ჰაღაის მოუღერე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას. მოუღერა შუბი, ხელში რომ ეჭირა, იესომ ქალაქს.
19საჩქაროდ წამოიშალნენ ადგილიდან ჩასაფრებულნი და გაეშურნენ მისი ხელის მოღერებაზე. შევიდნენ ქალაქში, აიღეს და დაუყოვნებლივ ცეცხლს მისცეს იგი.
20უკან მოიხედეს ჰაღაელებმა და დაინახეს, რომ კვამლი ასდიოდა ქალაქს. გასაქცევი ადგილი არ დარჩათ, არც აქეთ, არც იქეთ. უდაბნოში გაქცეული ხალხი უკან გამოენთო მდევრებს.
21დაინახა იესომ და მთელმა ისრაელმა, რომ აღებული აქვს ქალაქი ჩასაფრებულ ჯარს და კვამლი ასდის ქალაქს, და მობრუნდნენ და დასცხეს ჰაღაელებს.
22ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად და ისრაელს შორის მოექცნენ ჰაღაელები. დასცხეს მათ და არავინ გაუშვიათ ცოცხალი.
23ხოლო ჰაღაელთა მეფე ცოცხლად შეიპყრეს და იესოს მიჰგვარეს.
24როცა მოათავა ისრაელმა ჰაღაის მცხოვრებთა ხოცვა-ჟლეტა ველზე, უდაბნოში, სადამდეც მორეკეს ისინი, და ყველანი უკლებლივ დაეცნენ მახვილისგან, მაშინ გაბრუნდა მთელი ისრაელი ჰაღაიში და მახვილით ამოწყვიტა დანარჩენი ხალხი.
25ამოწყდა იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან სულ თორმეტი ათასი სული - კაცი და ქალი.
26იესოს არ ჩამოუღია ხელი, რომლითაც შუბი ჰქონდა მოღერებული, ვიდრე არ ამოწყვიტა მთელი ჰაღაი.
27მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ამ ქალაქიდან ისრაელმა, თანახმად უფლის სიტყვისა, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა იესოსთვის.
28გადაწვა იესომ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია დღევანდლამდე.
29ხოლო ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე. მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ხიდან ჩამოხსნეს გვამი და ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს, და ზედ ქვების დიდი ყორე აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
30მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,
31როგორც ჰქონდა ნაბრძანები ღვთის მორჩილს, მოსეს, ისრაელიანთათვის, როგორც ეწერა მოსეს რჯულის წიგნში, სამსხვერპლო მთლიანი ლოდებისგან, რომლებისთვისაც რკინა არ მოუქნევიათ. აღუვლინეს მასზე უფალს აღსავლენი და შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი.
32იქ გადაწერა იესომ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელიანთა წინაშე.
33მთელი ისრაელი, მისი უხუცესობა, გამრიგენი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს ლევიანი მღვდლების, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთა საპირისპიროდ, როგორც მდგმურნი, ისე მკვიდრნი, ერთი ნახევარი - გარიზიმის მთის მიმართულებით, მეორე ნახევარი - ღებალის მთის მიმართულებით, როგორც ადრევე ჰქონდა ნაბრძანები მოსეს, უფლის მორჩილს, რათა კურთხეული ყოფილიყო ისრაელის ერი.
34ამის მერე წაიკითხა რჯულის სიტყვები, კურთხევა და შეჩვენება, როგორც ეწერა რჯულის წიგნში.
35არაფერი დარჩენილა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხოს იესოს ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მდგმურებისთვის, მათთან რომ იყვნენ მოსულნი საცხოვრებლად.
Next