თავი - 10
Previous1როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ აიღო იესომ ჰაღაი და გაანადგურა იგი, რომ ისევე მოექცა ჰაღაის და მის მეფეს, როგორც მოექცა იერიხონს და მის მეფეს, რომ დაეზავა გაბაონის მოსახლეობა ისრაელს და მათ შორის დარჩნენ ისინი,
2მეტისმეტად შეეშინდა, რადგან დიდი ქალაქი იყო გაბაონი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა ჰაღაის და მისი მკვიდრნიც უფრო მამაცები იყვნენ.
3შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიაყს, ლაქიშის მეფეს, და დებირს, ყეგლონის მეფეს:
4შემომიერთდით და დამეხმარეთ, რომ დავსაჯოთ გაბაონი, რადგან დაეზავა იესოს და ისრაელიანებს.
5შეიყარნენ და აიძრა ხეთი ამორეველი მეფე - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშას მეფე და ყეგლონის მეფე თავ-თავიანთი ლაშქრითურთ და შემოადგნენ გაბაონს და დაუწყეს ბრძოლა.
6შეუთვალეს გაბანოელებმა იესოს გილგალის ბანაკში: ნუ აიღებ ხელს შენს მორჩილებაზე; გამოეშურე ჩვენსკენ, გვიხსენი და მოგვეშველე, რადგან ჩვენს წინააღმდეგ შეიყარნენ ამორეველი მეფეები, მთაში მცხოვრებნი.
7გავიდა იესო გილგალიდან მთელი ლაშქრითა და მაგარი ვაჟკაცებითურთ.
8უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ.
9მოულოდნელად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნავალი.
10ზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და დიდი მარცხი მიაყენა მათ იესომ გაბაონში. დაედევნა ბეთ-ხორონის შეღმართზე და მუსრავდა მათ ყაზეკამდე და მაკედამდე.
11ისრაელიანთაგან დევნილებს დიდხანს უშენდა ქვებს ციდან უფალი ბეთ-ხორონის ფერდობზე ხაზეკამდე და იხოცებოდნენ. ქვების სეტყვამ უფრო მეტი ხალხი გაწყვიტა, ვიდრე ისრაელიანთა მახვილმა.
12მაშინ ელაპარაკა იესო უფალს, იმ დღეს, როცა დაამარცხებინა უფალმა ისრაელიანებს ამორეველები, და თქვა ისრაელის გასაგონად: მზეო, დადექ გაბაონის თავზე, და, მთვარევ, აიალონის ველზე!
13დადგა მზე და არ დაძრულა მთვარე, ვიდრე თავის მტრებს არ გაუსწორდა ხალხი (განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში?). იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.
14არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა ასეთი დღე, რომ ამნაირად შეესმინოს კაცის ხმა უფალს, რადგან ისრაელისთვის იბრძოდა უფალი.
15დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი გილგალის ბანაკში.
16გაიქცა ის ხუთი მეფე და მაკედას გამოქვაბულებში დაიმალნენ.
17მოუტანეს ამბავი იესოს: ნაპოვნია ხუთი მეფე, მაკედას გამოქვაბულში იმალებიანო.
18თქვა იესომ: მიაგორეთ დიდრონი ლოდები გამოქვაბულის ხვრელთან და კაცები დააყენეთ მათ საყარაულოდ.
19თქვენ კი ნუ დადგებით, დაედევნეთ მტრებს და კუდი მოსწყვიტეთ, არ დაანებოთ თავიანთ ქალაქებში შესვლა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა.
20როცა მორჩნენ იესო და ისრაელიანები მათ ხოცვა-ჟლეტას და საბოლოოდ სძლიეს მათ, ხოლო გადარჩენილებმა ციხე-ქალაქებს შეაფარეს თავი,
21მშვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედას ბანაკში, კაციშვილს ენა არ დაუძრავს ისრაელიანთა წინააღმდეგ.
22თქვა იესომ: გახსენით გამოქვაბულის ხვრელი და გამომიყვანეთ ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან.
23ასე ქნეს. გამოუყვანეს ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშის მეფე და ყეგლონის მეფე.
24როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელს ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.
25უთხრა მათ იესომ: ნუ შეგეშინდებათ და ნუ შედრკებით, გამაგრდით და მტკიცედ იდექით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი ბრძოლას გაუმართავთ.
26მერე დახოცა ისინი იესომ და ხუთ ხეზე ჩამოკიდა. ასე ეკიდნენ ხეებზე საღამომდე.
27მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან და იმ გამოქვაბულში დაყარეს, სადაც იმალებოდნენ, გამოქვაბულის ხვრელი კი დიდრონი ქვებით ამოყორეს და ასეა დღემდე.
28იმავე დღეს აიღო იესომ მაკედა, მახვილით მოსრა იგი და მისი მეფე, მუსრი გაავლო მათ და ყველა სულიერს, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მაკედას მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
29გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი მაკედიდან ლიბნასაკენ და ბრძოლა გაუმართა ლიბნას.
30ჩაუგდო ხელში უფალმა ისრაელს ლიბნაც და მისი მეფეც. მოსრა მახვილით ის და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
31გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლიბნიდან ლაქიშისკენ, ალყა შემოარტყა მას და ბრძოლა გაუმართა.
32ხელში ჩაუგდო უფალმა ისრაელს ლაქიში და მან მეორე დღესვე აიღო ლაქიში, მახვილით მოსრა იგი და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო. ისევე მოექცა, როგორც ლიბნას.
33მაშინ აიძრა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის საშველად, მაგრამ მუსრი გაავლეს მათ იესომ და მისმა ხალხმა. არვინ დაუტოვებიათ ცოცხალი.
34გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ლაქიშიდან ყეგლონისაკენ, შემოადგა მას და ბრძოლა გაემართა.
35აიღო ყეგლონი იმავე დღეს და მახვილით მოსრა იგი. ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო, ამავე დღეს ამოწყვიტა. ისევე მოექცა, როგორც ლაქიშს.
36აიძრა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ყეგონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა.
37აიღო ხებრონი და მოსრა იგი მახვილით მისი მეფითურთ, ყველა მისი ქალაქი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არვინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა, როგორც ყეგლონს. გაანადგურა იგი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო.
38დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი დაბირში და ბრძოლა გაუმართა მას.
39ხელში ჩაიგდო იგი, მისი მეფე და მისი ყველა ქალაქი, მახვილით მოსრა და ამოწყვიტა ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არაფერი დაუტოვებია ცოცხალი, როგორც მოექცა ხებრონს, ასევე მოექცა დაბირს და მის მეფეს, ასევე მოექცა ლიბნას და მის მეფეს.
40მახვილით მოსრა იესომ მთიანეთი, სამხრეთი მხარე, შეფელა და მთის ძირები, და ყველა მათი მეფე. არავინ დაუტოვებია ცოცხალი, ყველა სულდგმული მოსპო, როგორც ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.
41მუსრი გაავლო მათ იესომ კადეშ-ბარნეადან ღაზამდე, მთელს გოშენის მხარეს გაბაონამდე.
42ყველა ეს მეფე და მათი ქვეყნები ერთ ჯერზე ჩაიგდო ხელში იესომ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი იბრძოდა მისთვის.
43დაბრუნდა იესო მთელს ისრაელთან ერთად ბანაკში, გილგალს.
Next