თავი - 11
Previous1როცა გაიგო ეს ამბები იაბონმა, ხაცორის მეფემ, შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს,
2და მეფეებს, რომლებიც იყვნენ ჩრდილოეთით მთაზე და ველზე ქინორეთის სამხრეთით, შეფელაში და ნაფთოთ-დორში, დასავლეთით,
3აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, მთის იებუსელებს და ხერმონისძირა ხეთელებს მიცფას ქვეყანაში.
4ისინი მოვიდნენ მთელი თავიანთი ლაშქრითურთ, ზღვის ქვიშასავით უთვალავი ხალხით, უამრავი ცხენებითა და ეტლებით.
5შეიყარა ყველა ეს მეფე, წავიდნენ და ერთად დაიბანაკეს მერიმის წყლებთან, რომ ისრაელიანებს შებრძოლებოდნენ.
6უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ დროსთვის ყველას შევმუსრავ ისრაელის წინაშე. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერე და ცეცხლს მიეცი მათი ეტლები.
7მოულოდნელად მიადგა მათ იესო მეომრებითურთ მერომის წყლებთან და დაესხა თავს.
8ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელიანებს. შეუტიეს და სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე, აღმოსავლეთისკენ. მუსრი გაავლეს, ისე რომ ცოცხალი არვინ დაუტოვებიათ.
9ისე მოექცა მათ იესო, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერა და ცეცხლს მისცა ეტლები.
10მაშინვე გამობრუნდა იესო და აიღო ხაცორი, და მახვილით განგმირა მისი მეფე, რადგან წინათ ხაცორი ყველა ამ სამეფოს თავი იყო.
11მახვილით მოსრეს ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არცერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ. ხაცორს კი ცეცხლი წაუკიდეს.
12ამ მეფეთა ყველა ქალაქი და ყველა მეფე ჩაიგდო ხელში იესომ და მახვილით მოსრა. გაანადგურა ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლის მორჩილს, მოსეს.
13ოღონდ თავ-თავის ბორცვებზე გაშენებული ყველა ქალაქი როდი გადაუწვავთ ისრაელიანებს, ერთადერთი ნაცორი გადაწვა იესომ.
14ამ ქალაქის ნადავლი და პირუტყვი წამოასხეს თავისთვის ისრაელიანებმა, მთელი ხალხი კი მოსრეს მახვილით, ისე რომ მთლიანად ამოწყვიტეს, ერთი სულიც არ დაუტოვებიათ.
15როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, თავის მორჩილს, ისევე უბრძანა მოსემ იესოს და ისევე მოიქცა იესო: ერთი სიტყვითაც არ გადაუხვევია იმისაგან, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
16დაიპყრო იესომ მთელი ეს ქვეყანა, მთა და მთელი ნეგები, გოშენის მთელი მხარე, შეფელა და ყარაბა, ისრაელის მთა და მისი ბარი.
17ხალაკის მთიდან მოკიდებული, სეყირს აღმა ბაყალ-გადამდე ლიბნის დაბლობზე, ხერმონის ძირას, ყველა მეფე შეიპყრო და დახოცა.
18დიდხანს ებრძოდა იესო ამ მეფეებს.
19არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელს, ხივიელთა, გაბაონის მცხოვრებთა გარდა. ყველა ბრძოლით დაიპყრეს.
20რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს ისრაელთან საბრძოლველად, რომ ამოეწყვიტათ ისრაელიანებს ისინი და არ ყოფილიყო მათთვის შეწყალება; რომ ამოეწყვიტათ, როგორც მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები უფალს.
21იმხანადვე გაემართა იესო და ამოწყვიტა ყანაკები მთაში, ქალაქებიანად მოსპო ისინი იესომ.
22გადაშენდნენ ყანაკები ისრაელიანთა ქვეყნიდან. მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ.
23დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც ეუბნებოდა უფალი მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, შტოებისთვის დასანაწილებლად. დაისვენა ბრძოლისგან ქვეყანამ.
Next