Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1ადგა ადრე დილით იესო და დაიძრნენ შიტიმიდან და მიადგნენ იორდანეს, ის და მთელი ისრაელობა, და იქ დაიღამეს, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ.
2სამი დღის შემდეგ მოიარეს ხალხის გამრიგეებმა ბანაკი,
3დაარიგეს ხალხი და უთხრეს: როცა დაინახავთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, რომელთაც მოაქვთ იგი, თქვენც დაიძარით თქვენი ადგილიდან და უკან მიჰყევით.
4ოღონდ ორი ათასი წყრთა მაინც უნდა გშორავდეთ მისგან; ნუ მიუახლოვდებით, რომ იცოდეთ გზა, რომლითაც მიდიხართ, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ.
5უთხრა იესომ ერს: განიწმიდენით, რადგან ხვალ მოიმოქმედებს უფალი თქვენში სასწაულებს.
6ასე უთხრა იესომ მღვდლებს: ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ხალხის წინ ჩაიარეთ. ასწიეს აღთქმის კიდობანი და ჩაუარეს ხალხს.
7უთხრა უფალმა იესოს: დღეიდან უნდა დავიწყო შენი განდიდება მთელი ისრაელის თვალში, რათა დარწმუნდნენ, რომ როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან.
8შენ კი ასე უბრძანე მღვდლებს, რომელნიც აღთქმის კიდობანს ატარებენ: როგორც კი იორდანეს ნაპირს მიადგებით, იორდანესთან გაჩერდით.
9უთხრა იესომ ისრაელიანებს: ახლოს მოდექით და ისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვები.
10თქვა იესომ: ამით დარწმუნდებით, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და იგი აჰყრის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხივიელებს, ფერიზელებს, გირგაშველებს, ამორევლებს და იებუსეველებს.
11აჰა, მთელი ქვეყნის პატრონის აღთქმის კიდობანი თქვენს თვალწინ გადალახავს იორდანეს.
12ახლა, ამოირჩიეთ თორმეტი კაცი ისრაელის შტოთაგან, თითო კაცი თითო შტოდან.
13როგორც კი მღვდლები, რომლებიც უფლის, მთელი ქვეყნის პატრონის კიდობანს ატარებენ, ფეხს ჩადგამენ იორდანეს წყალში, გაიპობა დაღმა იორდანის წყალი და ერთ კედლად აღიმართება.
14როცა დაიძრა ხალხი თავ-თავისი კარვებიდან, რომ გადაელახათ იორდანე, მღვდლებმაც წაიღეს ხალხის წინ აღთქმის კიდობანი.
15როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში (მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე),
16დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ქალაქ ადამიდან, ცართანის გვერდით რომ არის. უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი.
17უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მყარად იდგნენ მშრალზე შუაგულ იორდანეში. ასე გადიოდა მთელი ისრაელი მშრალზე, ვიდრე მთელმა ერმა არ გადალახა იორდანე.
Next