Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1გაგზავნა ფარულად იესო ნავეს ძემ შიტიმიდან ორი მსტოვარი და დააბარა მათ: წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხონი. ისინიც წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავის, სახელად რახაბის სახლში. და ღამე გაათიეს იქ.
2ამბავი მოუვიდა იერიხონის მეფეს: აჰა, ხალხი მოსულა აქ ღამით ისრაელიანთაგან ქვეყნის დასაზვერად.
3შეუთვალა იერიხონის მეფემ რახაბს: გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ, სახლში რომ გყავს, რადგან ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნი.
4ადგა და დამალა ქალმა ეს ორი კაცი, თქვა: მართლაც მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ.
5მწუხრისას, კარიბჭეს რომ კეტავდნენ, მაშინ გავიდნენ ის კაცები, არ ვიცი, საით წავიდნენ; საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით.
6თავად კი სხვენზე აიყვანა ისინი და დამალა სელის ჩალაში, სხვენზე რომ ჰქონდა გაფენილი.
7მდევრები კი დაედევნენ მათ. გარბოდნენ იორდანისკენ მიმავალ გზაზე, ფონამდე. ქალაქის კარიბჭე მდევრების გასვლისთანავე ჩაკეტ ეს.
8ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ქალი ავიდა მათთან, სხვენზე.
9უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე.
10რადგან გვსმენია, როგორ ამოაშრო თქვენს წინამე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმელო სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ.
11შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენს გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე.
12ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით სიკეთე, ასევე უყოფთ სიკეთეს მამაჩემის სახლს და სარწმუნო ნიშანს მომცემთ.
13დაინდეთ მამაჩემი და დედაჩემი, ჩემი ძმები და დები, და ყველანი, ვინც კი მათ ჰყავთ; გვიხსენით სიკვდილისგან.
14უთხრეს კაცებმა: თავს დავდებთ შენთვის, თუ არ გააცხადებ ამ ჩვენს ამბავს. და როცა უფალი მოგვცემს ამ ქვეყანას, ჩვენც სიყვარულსა და ერთგულებას დაგიმტკიცებთ.
15სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავნის კედელში იყო მისი სახლი, გალავანში ცხოვრობდა იგი.
16უთხრა მათ ქალმა: მთაში წადით, მდევრებს რომ არ გადააწყდეთ, სამ დღეს იქ დაიმალეთ, ვიდრე მდევრები დაბრუნდებოდნენ. მერე კი თქვენს გზას დაადექით.
17უთხრეს კაცებმა: თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისგან, რითაც დაგვაფიცე,
18თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული; შენი დედ-მამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან გყავდეს სახლში.
19თუ მოხდა და, შენი სახლის კარიდან ვინმე გარეთ გავიდა, მისი სისხლი მის თავზე იყოს. ჩვენ ბრალი არ გვექნება. ხოლო ვინც შენთან იქნება სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვინმემ ხელი გამოიღო მათ წინააღმდეგ.
20თუ გათქვამ ამ ჩვენს საქმეს, თავისუფალნი ვარ ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე.
21თქვა ქალმა: თქვენის სიტყვისამებრ იყოს. გაისტუმრა და წავიდნენ ისინიც. ხოლო მან სარკმელს გამოაბა მეწამული თოკი.
22წავიდნენ და მივიდნენ მთაში, იქ დარჩნენ სამ დღეს, ვიდრე მდევრები უკან არ გაბრუნდნენ. ეძებეს ისინი მთელს გზაზე მდევრებმა, მაგრამ ვერ მიაგნეს.
23დაბრუნდა ეს ორი კაცი; მთიდან დაეშვნენ, გაღმა გავიდნენ, მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ.
24უთხრეს იესოს: უფალს ჩაუგდია ჩვენს ხელში მთელი ეს ქვეყანა და ქვეყნის მკვიდრნიც დაშინებული ყოფილან ჩვენგან.
Next