თავი - 1
Previous1უფლის მორჩილის, მოსეს სიკვდილის შემდეგ უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს:
2მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე. ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცით თქვენ, ისრაელიანებს.
3ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენი ფეხის ტერფი დაიდგმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს -
4უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე ხეთელთა მთელი ქვეყანა. დიდ ზღვამდე და მზის დასავლამდე გექნებათ საზღვრები.
5ვერვინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ.
6გამაგრდი და მტკიცედ დეგ, რადგან შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის ქვეყანა, რომლის მიცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას.
7ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო.
8ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება.
9ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.
10უბრძანა იესომ ერის რჯულისკაცებს:
11მოიარეთ ბანაკი და გამოუცხადეთ ხალხს: გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გახვიდეთ ამ იორდანეს გაღმა, რათა დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ დასამკვიდრებლად.
12რეუბენელებს, გადელებს და მენაშეს შტოს ნახევარს ასე უთხრა იესომ:
13გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ მოსემ, უფლის მორჩილმა: უფალი, თქვენი ღმერთი დაგასვენებთ და მოგცემთ ამ ქვეყანას.
14თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი საქონელი დარჩეს ქვეყანაში, რომელიც მოგცათ მოსემ იორდანეს გაღმა; თქვენ კი შეჭურვილნი გაუძეღიი თქვენს ძმებს, მეომრებო, და შეეწიეთ მათ,
15ვიდრე არ დაგასვენებთ უფალი თქვენ და თქვენს ძმებს, ვიდრე ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც აძლევს მათ უფალი. მერე დაბრუნდით თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში და დაიმკვიდრეთ ის, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მორჩილმა, იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთის მხარეს.
16პასუხად უთხრეს იესოს: რაც გვიბრძანე, ყველაფერს შევასრულებთ და ყველგან წავალთ, სადაც კი გაგვგზავნი.
17როგორც მოსეს ვუჯერებდით, ისე შენ დაგიჯერებთ. ოღონდ უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან, როგორც მოსესთან იყო.
18ყოველი კაცი, ვინც არ დაემორჩილება შენს ნაბრძანებს და არ გაიგონებს შენს სიტყვას, რასაც გვიბრძანებ, სიკვდილით დაისჯება. ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ.
Next