Eleos

Contents

თავი - 34

Previous
1ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე, იერიხონის გასწვრივ რომ არის, და დაანახა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე,
2მთელი ნაფთალი, ეფრემის ქვეყანა, მენაშე და იუდას მთელი ქვეყანა უკანა ზღვამდე,
3ნეგები და იერიხონის ხეობის მიდამოები, ფინიკთა ქალაქი, ცოღარამდე.
4უთხრა უფალმა: ეს არის ის ქვეყანა, რისთვისაც დავუფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი. საკუთარი თვალებით გახილვინე იგი, მაგრამ ვერ შეხვალ იქ.
5მოკვდა მოსე, უფლის მორჩილი, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისაებრ.
6დამარხეს იგი ველზე მოაბის ქვეყანაში ბეთ-ფეღორის წინ და არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე.
7ასოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა და არც თვალს აკლდა და არც სახე ჰქონია დანაოჭებული.
8იტირეს მოსე მოაბის ველზე ოცდაათ დღეს და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები.
9იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ.
10აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი,
11ყველა იმ ნიშით და სასწაულით, რომელთა მოსახდენად მოავლინა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონისთვის, მის მორჩილთათვის და მთელი ქვეყნისათვის,
12იმ მაგარი ხელით და დიადი სასწაულებით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ.
Next