თავი - 33
Previous1ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელიანები სიკვდილის წინ.
2თქვა: უფალი სინაიდან მოვიდა, სეყირიდან ამოუბრწყინდა მათ, ფარანის მთიდან ამონათდა და გამოჩნდა წმიდათა ბევრეულით, მარჯვენით რჯულის შარავანდი ჰქონდა.
3უყვარს ხალხები. მათი ყველა წმიდა კაცი შენს ხელშია, ტრიალებენ შენს ფეხებთან, რომ მიიღონ შენ სიტყვები.
4რჯული გვიანდერძა მოსემ - იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
5გაჩნდა მეფე იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ერის თავკაცნი, ისრაელის შტოები.
6იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს! ცოტა ჰყავს ხალხი.
7ეს იუდასთვის თქვა: ისმინე, უფალო, იუდას ხმა! თავის ხალხთან მიიყვანე იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის, შენ კი დაიფარე მტრებისაგან.
8ლევისთვის თქვა: შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს, რომელიც მასაში გამოცადე და ედავებოდი მერიბას წყლებთან!
9რომელიც ამბობს თავის დედ-მამაზე: არ მინახავს ისინი. არ ცნობს თავის ძმებს და არ იცნობს შვილებს, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და შენს აღთქმას ინახავდნენ.
10ასწავლიან შენს სამართალს იაკობს და შენს რჯულს - ისრაელს, მოგართმევენ საკმეველს საყნოსელად და აღსავლენ მსხვერპლს სამსხვერპლოზე.
11აკურთხე, უფალო, ძალი მისი და კეთილად მოხედე მისი ხელის ნამოქმედარს. მოსწყვიტე წელი მის მოწინააღმდეგეთ, ვეღარ გაიმართონ მისი მოძულენი!
12ბენიამინზე თქვა: უზრუნველად იმკვიდრებს უფლის ნებიერი მის წინაშე. მისი ხელი აფარია დღენიადაგ და მის კალთებთან განისვენებს.
13იოსებზე თქვა: უფლის კურთხევით იყოს მისი მიწა, ცის მადლით - ნამით, და უფსკრულებით, ქვეშ რომ განრთხმულან;
14მზის მადლიანი ნაყოფებით და მთვარეთა მადლიანი მოსავლით;
15ძველი მთების მწვერვალებით და უხსოვარი ბორცვების მადლით;
16მიწის მადლით და მისი სისავსით. გადმოვიდეს მაყვლოვანში დავანებულის წყალობა იოსების თავზე და მის ძმებს შორის მოწმიდარის თხემზე.
17პირველნაშობი ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქას უგავს რქები, ამით ურქენს ყველა ხალხს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. ესენი არიან ეფრემის ბევრეულნი და მენაშეს ათასეულნი!
18ზებულონზე თქვა: იხარე, ზებულონ, შენი გამოსვლისას და, ისაქარ, შენს კარვებში!
19ხალხებს დაუძახებენ მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის მსხვერპლს, რადგან ზღვათა სიმდიდრით საზრდოობენ, ქვიშაში ჩაფლულ-ჩამარხულით.
20გადზე თქვა: კურთხეულია გადის განმვრცობი, ლომივით წევს და გლეჯს ნადავლის თავ-ფეხს.
21საუკეთესო წილი ნახა, რადგან იქ იყო შენახული რჯულმდებლის წილი, მოიყვანა ერის თავკაცნი და აღუსრულა უფლის წესი და მისი სამართალი ისრაელს.
22დანზე თქვა: ლომის ბოკვერია დანი, ბაშანიდან გამოვარდნილი.
23ნაფთალიზე თქვა: ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით; მისი სამკვიდროა დასავლეთი და სამხრეთი.
24აშერზე თქვა: კურთხეულია შვილთა შორის აშერი, სწყალობდნენ ძმები და მირონში ედგას ფეხი.
25რკინა და რვალია შენი ურდულები. მთელი სიცოცხლე მშვიდად იქნები.
26არ არის ღმერთი იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაშია ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში თავისი დიდებით.
27თავშესაფარია ძველი ღმერთი და სიღრმეთაგან მკლავი მარადიული. მტერი განდევნა შენგან და თქვა: გაავლე მუსრი!
28დავანებულია უზრუნველად ისრაელი, მარტო; იაკობის წყარო რწყავს პურის ყანებს და ვენახებს, მისი ციდანაც წვეთავს ცვარი.
29ნეტარი ხარ, ისრაელო! ვინ შეგედრება შენ, ხალხო, გადარჩენილო უფლის მიერ, რომელიც შენი მფარველი ფარია და შენი დიდების მახვილი! მტრები დაგიწყებენ ლაქუცს, შენ კი გადაჯეგავ მათ სათაყვანო გორაკებს.
Next