თავი - 32
Previous1გაიგონე, ცაო, სიტყვას ვამბობ! ისმინე, მიწავ, ჩემი სათქმელი!
2წვიმასავით მოდის ჩემი დარიგება, ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე.
3რადგან ვახსენებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!
4კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
5გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ, ჯიუტი და გზასამცდარი მოდგმაა.
6ამას მიუზღავთ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ მამაა შენი, შენი გამჩენი! ხომ მან შეგქმნა და დაგამყარა!
7გაიხსენე ძველი დღეები, იფიქრე გარდასულ თაობებზე. ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან!
8როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.
9რადგან უფლის წილი მისი ერია, იაკობია მისი სამკვიდრო.
10იპოვნა იგი უკაცრიელ მხარეში, უდაბნოში, ხრიოკ ტრამალზე; უვლიდა, მოძღვრავდა, იფარავდა თვალისჩინივით.
11როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, ზედ ეფოფრება თავის მართვეებს, ფრთებს შლის, აიტაცებს და მიჰყავს თავისი მხრებით,
12ასე მარტო დაატარებდა მას უფალი, გვერდით არ ჰყოლია უცხო ღმერთი.
13დასვა იგი მაღალ ადგილზე და კვებავდა ველური ნაყოფით, პიტალოებიდან თაფლს აწოვებდა და ზეთს - სალი კლდიდან,
14ძროხის ნაღებს და ცხვრის რძეს, აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს, ბაშანურ ვერძებს და ვაცებს, ნოყიერ პურს. და ღვინოს სვამდი, ყურძნის სისხლს.
15გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
16გააჯავრეს უცხო ღმერთებით და სისაძაგლეებით გააღიზიანეს.
17მსხვერპლს სწირავდნენ ეშმაკებს, არაღმერთს, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, რომელთა შიში არ ჰქონია თქვენს მამა-პაპას.
18კლდე კი, შენი გამჩენი აღარ გახსოვს, დავიწყებული გგყავს ღმერთი, შენი შემქმნელი.
19დაინახა უფალმა და უარყო ბრაზისგან თავისი ვაჟები და ასულები.
20თქვა: დავუმალავ ჩემს სახეს, ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან გადაგვარდა ეს მოდგმა, არ შერჩათ სიმტკიცე შვილებს.
21გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ.
22რადგან დაინთო ცეცხლი ჩემი რისხვით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ჭამს მიწას და მის ნაყოფს, ბუგავს მთათა საძირკვლებს.
23ზედიზედ დავატეხ უბედურებებს, მათზე დავხარჯავ ჩემს ისრებს.
24ილაჯს გაუწყვეტს შიმშილი, შეჭამს სიცხე და შავი ჭირი. მხეცების კბილებს, ქვეწარმავალთა შხამით სავსეს, მივუშვებ მათზე.
25გარეთ მახვილი გაანადგურებს, შიგნით- შიშისზარი, ჭაბუკსაც და ქალწულსაც, ძუძუთა ბავშვს ჭაღარა კაცთან ერთად.
26ვიფიქრე: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან,
27რომ არ ვუფრთხოდე მტრების გაკადნიერებას - თავს არ წავიდნენ მისი მოწინააღმდეგენი, არ თქვან, მაღალია ჩვენი ხელი, უფალს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი.
28რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, განსჯა აღარ არის მათში.
29სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს.
30ერთი როგორ დაედევნება ათასს, ორნი როგორ გაყრიან ათიათასს? თუ მათმა მფარველმა არ გასწირა ისინი, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში?
31რადგან არა ჰგავს ჩვენს მფარველს მათი მფარველი, ჩვენმა მტრებმა განსაჯონ თავად.
32რადგან სოდომის ვენახიდან არის მათი ყურძენი, გომორის ზვრებიდან არის მათი ნაყოფი, შხამიანი ნაყოფი, მწარეა მისი მტევნები.
33გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის დამღუპველი გესლი.
34ეს ხომ ჩემთან არის დამარხული, ჩემს საგანძურებშია დაბეჭდილი?
35მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.
36როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.
37იტყვის: სად არიან მათი ღმერთები? კლდე, მათი საესავი?
38რომლებიც ჭამდნენ მათი მსხვერპლის ლურთებს და სვამდნენ მათ ზედაშეს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, საფარველად გაგიხდნენ!
39ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
40რადგან მე აღვმართავ ხელს ცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი და ხელი მივყავი განკითხვას, შურს მივაგებ ჩემს მტრებს და ვუზღავ ჩემს მოძულეებს.
42სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, გაძღება ხორცით ჩემი მახვილი, დახოცილთა და ტყვეთა სისხლით, მტრის ქოჩორა თავებით.
43ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან აიღებს თავის მორჩილთა სისხლს; შურს მიაგებს თავის მტრებს და გასწმედს თავის მიწას და თავის ერს.
44მივიდა მოსე და წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა ხალხის გასაგონად, მასთან იყო იესო ნავეს ძეც.
45დაასრულა მოსემ ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის მიმართ.
46და უთხრა მათ: გული დაუდევით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ჩაგაგონებთ დღეს, უანდერძეთ თქვენს შვილებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის თითოეული სიტყვა.
47რადგან არ არის ეს უბრალო ამბავი, არამედ სიცოცხლეა იგი თქვენთვის, ამის წყალობით დღეგრძელი იქნებით იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
48ელაპარაკა უფალი მოსეს სწორედ იმ დღეს და უთხრა:
49ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში რომ არის, იერიხონის გასწვრივ, და გახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც საკუთრებად ვაძლევ ისრაელიანებს.
50მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეერთე შენს ერს, როგორც მოკვდა შენი ძმა აარონი ჰორის მთაზე და შეერთო თავის ერს.
51იმის გამო, რომ მიღალატეთ ისრაელიანთა შორის მერიბას წყლებთან, კადეშში, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ ჩემი სიწმიდისაებრ არ მომაგეთ პატივი ისრაელიანებში,
52ამიტომაც შორიდან დაინახავ ქვეყანას, მაგრამ ვერ შეხვალ იქ, იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელიანებს ვაძლევ.
Next