Eleos

Contents

თავი - 31

Previous
1წავიდა მოსე და ელაპარაკა ეს სიტყვები მთელს ისრაელს:
2უთხრა მათ: ასოცი წლისა ვარ ახლა, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. უფალმა მითხრა: ვერ გადახვალ ამ იორდანეს.
3თავად უფალი, შენი ღმერთი, გადაგიძღვება, ის გაწყვეტს ამ ხალხებს შენს წინაშე და დაიმკვიდრებ მათ ქვეყანას. იესო გადაგიძღვება, როგორც თქვა უფალმა.
4ისევე მოექცევა მათ უფალი, როგორც მოექცა სიხონსა და ყოგს, ამორეველ მეფეებს, და მათ ქვეყანას, სადაც გაწყვიტა ისინი.
5ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი და მოექცევი მათ იმ მცნების თანახმად, როგორც გამოცხადებული მაქვს თქვენთვის.
6გამაგრდით და გამტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეუდრკებით მათ, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთი მოდის შენთან ერთად, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს.
7დაიბარა მოსემ იესო და უთხრა მთელი ისრაელის თვალწინ: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ უნდა წაჰყვე ამ ერს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მის მამა-პაპას, შენ უნდა დაუნაწილო მათ სამკვიდროები.
8თავად უფალი ივლის შენს წინ, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, ნუ შეგეშინდება და ნუ დაფრთხები.
9დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი ლევიან მღვდლებს, საუფლო აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის მთელს უხუცესობას.
10ასე უბრძანა მათ მოსემ: მეშვიდე წლის ბოლოს, პატიების დანიშნულ წელს, კარვობის დღესასწაულზე,
11როცა გამოცხადდება მთელი ისრაელი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს იგი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად.
12შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
13მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
14უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიწურა სიკვდილად შენი დღეები. დაუძახე იესოს, დადექით სადღესასწაულო კარავთან და მე დავმოძღვრავ მას. წავიდნენ მოსე და იესო და დადგნენ სადღესასწაულო კარავთან.
15გამოჩნდა უფალი კარავში, ღრუბლის სვეტში, და აისვეტა ღრუბლის სვეტი კარვის შესასვლელთან.
16უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, მიიძინებ შენს მამა-პაპასთან, ეს ხალხი კი ადგება და აეკიდება უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელშიც შედის, დამივიწყებს და დაარღვევს აღთქმას, რომელიც დავუდევი მას.
17აღიგზნება ჩემი რისხვა მასზე იმ დღეს, მივატოვებ მათ და დავუმალავ ჩემს სახეს; ჩასანთქმელი გახდებიან და ბევრი უბედურება და გაჭირვება შეემთხვევათ. იტყვის იმ დღეს: ხომ იმიტომ შემემთხვა ეს უბედურებები, რომ ღმერთი არ არის ჩვენში!
18სახეს დავმალავ იმ დღეს მის მიერ ჩადენილი ყველა უკეთურების გამო, რადგან უცხო ღმერთებს აეკიდა.
19ახლა ჩაიწერეთ ეს სიმღერა და ასწავლე ისრაელიანებს, ჩაუდევი ბაგეებში, რომ მემოწმებოდეს ეს სიმღერა ისრაელიანებთან.
20როცა მივიყვან მათი მამა-პაპისთვის აღთქმულ მიწაზე, სადაც ღვარად დის ზეთი და თაფლი, ჭამით გაძღებიან და გასუქდებიან, მაშინ უცხო ღმერთებისკენ მიბრუნდებიან და მათ დაუწყებენ სამსახურს; დამგმობენ მე და დაარღვევენ ჩემს აღთქმას.
21მაგრამ როცა შეემთხვევათ ბევრი უბედურება და გაჭირვება, მოწმე იქნება ეს სიმღერა მათთვის, რადგან არ წაიშლება იგი მათი შთამომავლობის ბაგიდან; რადგან ვიცი, რა ზრახვები აქვთ დღეს, ვიდრე აღთქმულ ქვეყანაში შევიყვანდე.
22ჩაწერა მოსემ ეს სიმღერა იმ დღეს და შეასწავლა ისრაელიანებს.
23უბრძანა იესო ნავეს ძეს და უთხრა: გამაგრდი და გამტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელიანებს ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი მათ. მე ვიქნები შენთან.
24როცა ბოლომდე დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში,
25ასე უბრძანა მოსემ ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ:
26აიღეთ ეს რჯულის წიგნი და გვერდით დაუდევით უფლის, შენი ღმერთის აღთქმის კიდობანს, და იყოს იქ შენს მოწმედ.
27რადგან მე ვიცი შენი სიჯიუტე და შეუპოვრობა. აჰა, რაც ცოცხალი ვარ, უჯიუტდებით უფალს და რაღა იქნება ჩემი სიკვდილის შემდეგ?
28შემიკრიბეთ თქვენი შტოების უხუცესები და რჯულისკაცები და მათ გასაგონად გამოვაცხადებ ამ სიტყვებს, მოწმედ მოვიყვან მათთვის ცასა და მიწას.
29რადგან ვიცი, რომ გაირყვნებით ჩემი სიკვდილის შემდეგ და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელიც მე დაგიწესეთ; შეგემთხვევათ უბედურება ბოლო ხანებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალში, გააბრაზებთ მას თქვენი ნამოქმედარით.
30წარმოთქვა მოსემ ისრაელის მთელი საკრებულოს გასაგონად ამ სიმღერის სიტყვები თავიდან ბოლომდე:
Next