Eleos

Contents

თავი - 30

Previous
1როცა აგიცხადდება ყველა ეს სიტყვა - კურთხევა და წყეელა, რომელიც გადმოვეცი შენს წინაშე, მოგიბრუნდება გული იმ ხალხთა შორის მყოფს, სადაც ეყოლები გაგდებული უფალს, შენს ღმერთს,
2მიბრუნდები უფლის, შენი ღმერთისაკენ, და შეისმენ მის სიტყვას, როგორც გარიგებ დღეს, შენს შვილებთან ერთად მთელი შენი გულითა და სულით,
3მაშინ უფალიც, შენი ღმერთი, დააბრუნებს შენს ტყვებს და შეგიწყალებს, კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაფანტული ეყოლები უფალს, შენს ღმერთს.
4ცის კიდემდეც რომ იყო გაგდებული, იქიდან შემოგკრებს უფალი, შენი ღმერთი, იქიდან წამოგიყვანს.
5მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც დამკვიდრებული ჰქონდა შენს მამა-პაპას, და დაიმკვიდრებ მას; აგაშენებს და შენს მამა-პაპაზე უფრო გაგამრავლებს.
6წინდაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, რათა ცოცხალი დარჩე.
7მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელს ამ წყევლას შენს მტრებზე და მოძულეებზე, რომლებიც გდევნიდნენ შენ.
8მოიქცევი და შეისმენ უფლის სიტყვას, შეასრულებ ყოველ მის მცნებას, რომელსაც გიცხადებ დღეს.
9გაგიუხვებს უფალი, შენი ღმერთი ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ - შენი მუცლის ნაყოფს, შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს, სასიკეთოდ, რადგან კვლავ გაიხარებს უფალი შენს გამო სასიკეთოდ, როგორც შენი მამა-პაპის გამო ხარობდა.
10რადგან შეისმენ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და დაიცავ მის ცნებებს და წესებს, რომლებიც ამ რჯულის წიგნშია ჩაწერილი. მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
11რადგან ეს მცნება, რომელსაც დღეს გიცხადებ, არ არის შენთვის შეუძლებელი და მიუწვდომელი.
12არ არის ცაში იგი, რომ ითქვას: ვინ ჩამოგვიტანს მას ციდან და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?
13არც ზღვის გაღმაა იგი, რომ ითქვას: ვინ გამოგვიტანს მას ზღვის გაღმიდან და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?
14რადგან ძალზე ახლოს არის შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგეზეა, შენს გულშია იგი და შეასრულე!
15აჰა, დღეს გადმოვეცი შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება,
16რითაც დაგარიგე, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, იარო მის გზაზე და დაიცვა მისი ნაბრძანები წესები და სამართალი. იცოცხლებ და გამრავლდები, გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
17თუ აიყრი გულს და არ შეისმენ, აირევ გზა-კვალს, უცხო ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემას და სამსახურს,
18დღესვე გიცხადებთ, რომ დაიღუპებით, დიდი დღე არ გექნებათ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.
19ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ,
20გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.
Next