Eleos

Contents

თავი - 29

Previous
1აი, სიტყვები აღთქმისა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანებთან დასადებად მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში.
2მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა თქვენს თვალწინ ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს, მის მორჩილთ და მთელს მის ქვეყანას -
3დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები.
4მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები სასმენელად.
5ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში, არ გაგცვეთიათ ტანზე სამოსელი, არ გაგცვეთიათ ფეხზე ხამლები.
6პური არ გიჭამიათ, ღვინო და სასმელი არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7მოხვედით ამ ადგილას და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე, და ყოგი, ბაშანის მეფე, და ჩვენ ვძლიეთ მათ.
8დავიჭირეთ მათი ქვეყანა და მივეცით წილად რეუბენს, გადს და მენაშეანთა ნახევარ შტოს.
9დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რომ ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
10ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე - შტოთა თავკაცები, უხუცესები და რჯულისკაცები, მთელი ისრაელობა.
11დედაწულითურთ, და შენს ბანაკში მყოფი მდგმურითურთ, შეშის მჩეხავიდან წყლის მზიდავამდე,
12რათა შემოხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი.
13რათა თავის ერად გაგხადოს დღეს და თავად შენი ღმერთი გახდეს, როგორც უთქვამს შენთვის და როგორც აღუთქვა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.
14არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმას და ამ ფიცს,
15არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგანან დღეს უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, და იმათთანაც, ვინც დღეს არ არიან ჩვენთან.
16რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გავაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორის თქვენ გაიარეთ.
17გიხილავთ მათი სისაძაგლეები, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც მათ აქვთ.
18ნუ იქნება თქვენში კაცი ან ქალი, საგვარეულო ან შტო, რომელსაც გული აქვს აყრილი დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი, შხამიანი ნაყოფის გამომღები.
19როცა მოისმენს ამ ფიცის სიტყვებს, დაიკვეხნის გულში: მშვიდობით ვიქნები, თუმცა ჩემს ნებაზე დავდივარო. რათა დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპოს.
20არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან მაშინ აღიგზნება უფლის რისხვა და შური იმ კაცზე, დაიბუდებს მასში მთელი ეს წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი, და წაშლის მის სახსენებელს უფალი ცისქვეშეთიდან.
21განკვეთს მას უფალი საბოროტოდ ისრაელის ყველა შტოდან ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ფიცის თანახმად.
22იტყვის მომავალი თაობა - თქვენი შვილები, რომლებიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორი ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც გასენა იგი უფალმა:
23გოგირდი და მარილი! გადაბუგულია მთელი მიწა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, არა ბალახი არ ამოდის! დაიქცა როგორც სოდომი და გომორი, ადმა და ცებოიმი, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და წყრომით.
24იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ მიწას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?
25იტყვიან: იმის გამო, რომ დააგდეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის აღთქმა, რომელიც დაუდო მათ, როცა ეგვიპტიდან გამოჰყავდა ისინი.
26წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანისცეს მათ ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.
27აღიგზნო უფლის რისხვა ამ ქვეყნის მიმართ, რომ მოეწია მასზე მთელი წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი.
28მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან.
29დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს, გაცხადებული კი - ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რომ შესრულდეს ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
Next