Eleos

Contents

თავი - 28

Previous
1თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვამს უფალი, შენი ღმერთი.
2გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა, როცა გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას.
3კურთხეულიმც ხარ ქალაქად და კურთხეულიმც ხარ ველად!
4კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და ფარის ნამატი!
5კურთხეულიმც არის შენი კალათი და შენი ვარცლი!
6კურთხეულიმც ხარ შესვლისას და კურთხეულიმც ხარ გასვლისას!
7დაამხობს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ; ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
8მოგაფენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
9დაგსვამს უფალი წმიდა ერად, როგორც დაფიცებული აქვს შენთვის, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებას და ივლი მის გზაზე.
10დაინახავს ქვეყნის ყველა ხალხი, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული და შეეშინდებათ შენი.
11გაგაუხვებს უფალი სასიკეთოდ შენი მუცლის ნაყოფში, შენი საქონლის ნაყოფში და შენი მიწის ნაყოფში იმ მიწაზე, რომელიც აღუთქვა შენს მამა-პაპას შენთვის მოსაცემად.
12გაგიღებს უფალი თავის მადლიან საუნჯეს - ცას, რომ მოსცეს მიწას წვიმა თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი ნამუშაკევი. ბევრ ხალხებს მისცემ სესხს, თავად კი არავისგან ისესხებ.
13თავი გახდები უფლის წყალობით და არა კუდი, სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, როცა შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებას, რომელსაც გიცხადებ დღვს, რომ დაიცვა და შეასრულო.
14არ გადაუხვიო არცერთ სიტყვას, რომელსაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ.
15თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა:
16წყეულიმცა ხარ ქალაქად და წყეულიმცა ხარ ველად!
17წყეულიმც იყოს შენი კალათი და შენი ვარცლი!
18წყეულიმც იყოს შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და შენი ფარის ნამატი!
19წყეულიმცა ხარ შესვლისას და წყეულიმცა ხარ გასვლისას!
20მოგივლენს უფალი წყევლას, ფეთებას, შეჩვენებას შენი ხელის ყოველ ნამუშაკევში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ განადგურდები, ვიდრე მალე არ დაიღუპები შენი ბოროტი საქმეებისთვის, იმისათვის, რომ მიმატოვე.
21მოგაწებებს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გადაგაშენებს იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოსულხარ.
22მოგწყლავს უფალი ჭლექით, ციებ-ცხელებით, ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით; დაგიწყებენ დევნას, ვიდრე არ დაიღუპები.
23სპილენძად გექცევა თავზე ცა და მიწა - რკინად შენს ფეხქვეშ.
24მტვრად აქცევს უფალი შენი ქვეყნის წვიმას და ნაცარი დაგეყრება თავზე, ვიდრე საბოლოოდ განადგურდებოდე.
25დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე, ერთი გზით წახვალ მისკენ და შვიდი გზით გაექცევი მას. საფრთხობელად იქცევი ამ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
26შენი გვამი ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება და არავინ იქნება მომგერიებელი.
27მოგწყლავს უფალი ეგვიპტური ყვავილით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომლისაგანაც არ იქნება განკურნება.
28მოგწყლავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
29ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის სიბნელეში, ვერსად გაიგნებ გზას; იქნები დათრგუნული და დაწიოკებული მთელი სიცოცხლე და არ გეყოლება შემწე.
30ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან, სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში, ვენახს ჩაყრი და ვერ მოისთვლი.
31შენი ხარი დაკლულია შენს თვალწინ და ვერ ჭამ, სახედარი მოგტაცეს და აღარ ბრუნდება შენთან, შენი ცხვარი შენს მტრებს ჩაუვარდა ხელში და არავინა გყავს შემწე.
32შენი ვაჟები და ასულები უცხო ხალხს ჩაუცვივდებიან ხელში, თვალები დაგევსება მათი ყურებით მთელი დღე, და მკლავში აღარ გექნება ძალა.
33შენი მიწის ნაყოფს და შენს ნაშრომს შეჭამს ხალხი, რომელსაც არ იცნობ; ტანჯულ-წამებული იქნები მთელი სიცოცხლე.
34ჭკუაზე შეგშლის სანახაობა შენს თვალწინ, რასაც დაინახავ.
35დაგიწყლულებს უფალი მუხლებს და წვივებს განუკურნებლად, ტერფიდან თხემამდე.
36წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაისვამ იმ ხალხთან, რომელსაც არ იცნობ შენ და არც შენი მამა-პაპა იცნობდა, და დაუწყებენ იქ მსახურებას უცხო ღმერთებს - ხესა და ქვას.
37საფრთხობელად, თითის საჩვენებლად და სამასხროდ შეიქნები ყველა ხალხში, სადაც კი წაგიყვანს უფალი.
38ბევრ თესლს გაიტან ყანაში, მაგრამ ცოტას მოიმკი, რადგან კალია გააჩანაგებს.
39ვენახებს ჩაყრი და დაამუშავებ, მაგრამ ღვინოს ვერ დალევ, ვერც კი დაკრეფ, რადგან ჭია შეჭამს.
40ზეთისხილი გექნება მთელს შენს მიწა-წყალზე, მაგრამ ზეთით ვერ გაიპოხები, რადგან დაცვივა ნაყოფი.
41ვაჟებს და ასულებს გააჩენ, მაგრამ არ შეგრჩებიან, რადგან ტყვეობაში წავლენ.
42მთელს შენს ხეებს და მიწის ნაყოფს კალია დაეპატრონება.
43მდგმური, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, შენზე მაღლა და მაღლა წავა, შენ კი სულ დაბლა დაეშვები.
44ის სესხს მოგცემს, შენ კი ვერ ასესხებ მას, ის თავი იქნება, შენ კუდი იქნები.
45გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და გეწევა, ვიდრე არ განადგურდები, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის სიტყვა, არ დაიცავი მისი მცნებები და წესები, რომლებიც გამოგიცხადა.
46იქნება შენთვის და შენი შთამომავლობისთვის ნიშად და სასწაულად უკუნისამდე.
47იმისათვის, რომ არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით, როცა დოვლათში იყავი.
48დაუწყებ სამსახურს შენს მტრებს, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, სიმწყურვალეში, სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში; დაგადგამს ქედზე რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
49დაძრავს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ შორეთიდან, ქვეყნის კიდიდან, არწივივით მოფრინდება ხალხი, რომლის ენას ვერ გაიგებ.
50მოძალადე ხალხი, რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს.
51დაუწყებს ჭამას შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს და საბოლოოდ გაგაჩანაგებს, არ დაგიგოვებს არც პურს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც საქონლის მონაშენს და არც ცხვრის ნამატს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
52ალყაში მოგაქცევს მთელს შენს მიწა-წყალზე, ყველგან, ვიდრე არ დაგექცევა მთელს შენს ქვეყანაში მაღალი და მაგარი კედლები, რომელთა იმედი გაქვს. ალყაში მოგაქცევს მთელს შენს მიწა-წყალზე, შენს ქვეყანაში, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
53დაუწყებ ჭამას შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომლებიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი.
54განებივრებული და გაფუფუნებული კაცი ავად დაუწყებს ყურებას თავის მოძმეს და თანამეცხედრეს, თავის დარჩენილ შვილებს, რომლებიც შერჩება მას.
55არავის მისცემს თავისი შვილების ხორცს, რომელთაც შეჭამს, რადგან არაფერი დარჩება მას ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი მთელს შენს მიწა-წყალზე.
56განებივრებული და გაფუფუნებული ქალი, რომელსაც ფუფუნების და ნებიერობის გამო ფეხიც არ დაუკარებია მიწაზე, ავი თვალით შეხედავს თავის თანამეცხედრეს, თავის ვაჟსა და ასულს,
57მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებშორის, და თავის შვილებს, რომელთაც დაბადებს, რადგან ჩუმად შეჭამს მათ გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროებს მტერი შენს მიწა-წყალზე.
58თუ არ შეასრულებ ამ რჯულის ყველა სიტყვას, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი და არ შეუშინდები ამ სამძიმო და საშინელ სახელს - უფალს, შენს ღმერთს,
59შეგყრის უფალი გაუგონარ სატკივრებს შენ და შენს შთამომავლობას, ძნელ და უკურნებელ სატკივრებს, მძიმე და უკურნებელ სნეულებებს.
60შენზე მოაბრუნებს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისაც გეშინოდა, და მოგეწებებიან.
61ყველა ავადმყოფობას, ყველა სატკივარს, რომელიც არ არის ჩაწერილი ამ რჯულის წიგნში, მოავლენს უფალი შენზე, რომ საბოლოოდ განადგურდე.
62მცირედნიღა დარჩებით, ნაცვლად იმისა, რომ ცის ვარსკვლავებივით უთვალავნი ყოფილიყავით, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
63როგორც ხარობდა უფალი თქვენს გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს თქვენზე, როცა მოგსპობთ და გაგანადგურებთ. აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მოხვედით.
64გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, დაუწყებ იქ სამსახურს უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამა-პაპა - ხესა და ქვას.
65ვერ იგრძნობ შვებას იმ ხალხში და არ ექნება შესვენება შენს ფეხებს. გარგუნებს იქ უფალი მხდალ გულს, დავსებულ თვალებს და მწუხარე სულს.
66ბეწვზე ეკიდება შენს წინ შენი სიცოცხლე, შიშში იქნება დღისით და ღამით, დაგეკარგება სიცოცხლის სასო.
67დილით იტყვი: ნეტავ საღამო იყოს! საღამოთი იტყვი: ნეტავ დილა იყოს! იმ შიშის გამო, რითაც სავსე გექნება გული და იმ სანახავის გამო, რასაც დაინახავ.
68დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში ხომალდებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი, რომ აღარასოდეს იხილავდი მას. იქ შეგაძლევენ შენს მტრებს ყმებად და ყმაქალებად, მაგრამ მყიდველი არავინ იქნება.
Next