Eleos

Contents

თავი - 27

Previous
1დამოძღვრეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერი და უთხრეს: დაიცავი ყოველი მცნება, რასაც დღეს გიცხადებ.
2როცა გადახვალ იორდანეს გაღმა ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, დაიდგი დიდი ქვები და კირით შელესე.
3დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა იორდანეზე გადასვლისას, რომ შეხვიდე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ზეთითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში, როგორც უთქვამს შენთვის უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს.
4როცა გადახვალ იორდანეზე, დადგი ეს ქვები, როგორც დღეს გიცხადებ, ღებალის მთაზე და კირით შელესე.
5აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო. რკინა არ შეახო მას.
6მთელ-მთელი ქვებისგან უნდა ააგო უფლის, შენი ღვთის სამსხვერპლო და მასზე უნდა აღუვლინო უფალს, შენს ღმერთს, აღსავლენი მსხვერპლი.
7მიიტანე სამადლობელი მსხვერპლი და ჭამე იქ, გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
8დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა გარკვევით და მკაფიოდ.
9ასე ელაპარაკნენ მოსე და ლევიანი მღვდლები მთელს ისრაელს: გაიგონე და ისმინე, ისრაელო! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
10ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა და შეასრულე მცნებები და წესები, რომელთაც დღეს გიცხადებ.
11ასე დამოძღვრა იმ დღეს მოსემ ერი:
12ესენი იდგნენ ერის დასალოცავად გერიზიმის მთაზე, როცა იორდანეს გაღმა გახვალთ: სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.
13ესენი იდგნენ დასაწყევლად გერიზიმის მთაზე: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.
14გამოაცხადებენ და ეტყვიან ლევიანები თითოეულ ისრაელიანს მაღალი ხმით:
15წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
16წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
17წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
18წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
19წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
20წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!
21წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
22წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
23წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
24წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
25წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!
26წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ!
Next