Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1როცა მთელმა ერმა გადალახა იორდანე, ასე უთხრა უფალმა იესოს:
2ამოირჩიე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო შტოდან.
3ასე უბრძანე ხალხს: აკრიბეთ აქედან იორდანეს შუაგულიდან, სადაც მტკიცედ ედგათ ფეხი მღვდლებს, თორმეტი ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევში, სადაც ღამის გათევას დააპირებთ.
4დაიბარა იესომ თორმეტი კაცი, ისრაელიანთაგან რომ განაწესა, თითო კაცი თითო შტოდან.
5უთხრა მათ იესომ: იარეთ უფლის, თქვენი ღმერთის კიდობნის წინ, იორდანეს შუაგულამდე, და თითო ქვა აიკიდეთ ზურგზე, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით,
6რათა ეს იყოს ნიშანი თქვენს შორის. როცა შეგეკითხებიან ოდესმე თქვენი შვილები: ეს რა ქვები გაქვთო?
7მიუგეთ: იორდანეს წყლები რომ გაიპო-თქო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე; როცა იორდანეს გაღმა გადადიოდა ერი, გაიპო-თქო იორდანეს წყლები. სამახსოვროდ ჰქონდეთ ეს ქვები ისრაელიანებს უკუნისამდე.
8ასე მოიქცნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მაი იესომ: აკრიბეს თორმეტი ქვა იორდანეს შუაგულიდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით, და გავიდნენ ამ ქვებიანად, გაღმა, სათევში, და იქ დააწყვეს.
9ასევე თორმეტი ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები.
10უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იორდანეს შუაგულში იდგნენ, ვიდრე ყველაფერი არ შესრულდა, რაც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს. ხალხი აჩქარებით გადიოდა გაღმა.
11როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ.
12გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს.
13ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად.
14იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ.
15ასე უთხრა უფალმა იესოს:
16უბრძანე მღვდლებს, რომელთაც მოწმობის კიდობანი მოაქვთ, იორდანედან ამოვიდნენ.
17უბრძანა იესომ მღვდლებს: ამოდით იორდანედან!
18როგორც კი იორდანედან ამოვიდნენ მღვდლები, რომელთაც უფლის აღთქმის კიდობანი მოჰქონდათ და ხმელეთზე დაიდგა მღვდლების ტერფები, ისევ თავის ადგილას მოიქცა იორდანეს წყლები; როგორც გუშინ და გუშინწინ, იწყეს დინება თავის კალაპოტში.
19ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს და დაბანაკდა გილგალში, იერიხონის აღმოსავლეთით.
20ის თორმეტი ქვა, იორდანედან რომ წამოიღეს, გილგალში დააწყობინა იესომ.
21ასე უთხრა ისრაელიანებს: როცა შეეკითხებიან ოდესმე თქვენი შთამომავლები თავიანთ მამებს: ეს რა ქვებიაო?
22ასწავლეთ თქვენს შვილებს: მშრალზე გადმოლახათქო ისრაელმა ეს იორდანე.
23რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს, თქვენს ღმერთს, იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო ჩვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით,
24რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.
Next