თავი - 24
Previous1თავი მოუყარა იესომ ისრაელის ყველა შტოს შექემში, დაიბარა ისრაელის უხუცესობა, მისი თავკაცები, მისი მსაჯულები, მისი ზედამხედველები და ისინიც წარდგნენ ღვთის წინაშე.
2უთხრა იესომ მთელს ერს: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მდინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა-პაპა ძველთაგანვე - თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამა - და ემსახურებოდა უცხო ღმერთებს.
3წამოვიყვანე მამაშენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, ვუმრავლე თესლი და მივეცი ისაკი.
4მივეცი ისაკს იაკობი და ესავი; მივეცი ესავს სეყირის მთა დასამკვიდრებლად, ხოლო იაკობი თავისი შვილებითურთ ეგვიპტეში ჩავიდა.
5გავგზავნე მოსე და აარონი და ვგვემე ეგვიპტე სასწაულებით, რომლებიც მოვიმოქმედე მის შუაგულში. მერე ამოვიყვანე ისინი.
6ამოვიყვანე ეგვიპტიდან თქვენი მამა-პაპა და მოადექით ზღვას; ედევნებოდნენ ეგვიპტელები თქვენს მამა-პაპას ეტლებითა და ცხენებით მეწამულ ზღვამდე.
7შეჰღაღადეს უფალს და მანაც ჩამოაფინა უკუნი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი. თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა ვუყავი ეგვიპტელებს. მას მერე უდაბნოში ცხოვრობდით მრავალი ხანი.
8მიგიყვანეთ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ ცხოვრობდნენ. შეგებრძოლენ, მაგრამ ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი. თქვენ დაისაკუთრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენგან.
9ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, და ბრძოლა გაუმართა ისრაელს და დაიბარა ბალაამი, ბეყორის ძე, თქვენს დასაწყევლად.
10მაგრამ მე არ ვინებე ბალაამის მოსმენა და მან დაგლოცათ თქვენ. ასე გიხსენით მისი ხელიდან.
11გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხონს. გაგიმართეს ბრძოლა იერიხონის პატრონებმა - ამორეველებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშეველებმა, ხივიელებმა და იებუსეველებმა.
12კრაზანები გავუშვი თქვენს წინ და მათ გარეკეს თქვენგან ორი ამორეველი მეფე, არა მახვილით და არა მშვილდით.
13მოგეცით მიწა, რომელზეც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც არ აგიშენებიათ, მაგრამ ცხოვრობთ იქ. საზრდოობთ ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ.
14მაშ, გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად, უარყავით ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა იორდანეს გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ უფალს.
15თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის სამსახური, ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, ვისაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა იორდანეს გაღმა თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით.
16პასუხად ეს უთხრა ერმა: არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური.
17რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ეს დიადი სასწაულები ჩვენს თვალწინ, ის გვიფარავდა მთელს გზაზე, სადაც დავდიოდით, და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გაგვივლია.
18განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს, რადგან ჩვენი ღმერთია ის.
19უთხრა იესომ ერს: ვერ შეძლებთ უფლის სამსახურს, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურიანია იგი, არ გაპატიებთ დანაშაულს და ცოდვებს.
20თუ მიატოვებთ უფალს და უცხოთა ღმერთების სამსახურს შეუდგებით, უბედურებას დაგათევთ თავს უფალი. ბოლოს მოგიღებთ მას შემდეგ, რაც ამდენი სიკეთე გიყოთ.
21უთხრა ერმა იესოს: არა, უფალს გვინდა ვემსახუროთ.
22უთხრა იესომ ერს: თქვენვე იყავით თქვენი თავის მოწმენი, რომ უფლის სამსახურს ირჩევთ. მიუგეს: მოწმენი ვართ.
23მაშ, უარყავით უცხოთა ღმერთები, თქვენს შორის რომ არიან, და გული მიაბრუნეთ უფლის, ისრაელის ღმერთისკენ.
24უთხრა ერმა იესოს: უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.
25დადო იესომ აღთქმა ერთან იმ დღეს და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
26ჩასწერა იესომ ეს სიტყვები საღვთო რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
27უთხრა იესომ მთელს ერს: აჰა, ეს ქვა იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა გვითხრა ჩვენ. იყოს თქვენს მოწმედ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი.
28გაისტუმრა იესომ ერი, თითოეული თავის სამკვიდროში.
29ამ ამბების შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა.
30დამარხეს იგი თავისი სამკვიდროს საზღვარში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
31ემსახურებოდა უფალს ისრაელი იესოს დროს და უხუცესთა დროს, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა.
32იოსების ძვლები, ისრაელიანებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დამარხეს შექემში, ყანაში, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს ას კესიტად შექემის მამის, ხამორის შთამომავალთაგან და რომელიც იოსებიანთა სამკვიდროში მოხვდა.
33მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე და დამარხეს იგი ფინხასის, მისი ძის, ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეკუთვნა მას.
Next