Eleos

Contents

თავი - 23

Previous
1მრავალი ხანი გამოხდა მას შემდეგ, რაც მოასვენა უფალმა ისრაელი გარეშემო მტრებისაგან, და მოხუცდა იესო, ხანში შევიდა.
2მოუხმო იესომ მთელს ისრაელს, მის უხუცესებს, მის თავკაცებს, მის მსაჯულებს, მის ზედამხედველებს და უთხრა მათ: მე დავბერდი, ხანში შევედი.
3თქვენი თვალით გაქვთ ნანახი ყველაფერი, რაც უფალმა, თქვენმა ღმერთმა დამართა ყველა ამ ხალხს თქვენს წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იყო, თქვენთვის რომ იბრძოდა.
4ხედავთ, წილად გარგუნეთ ყველა ეს დარჩენილი ხალხი თქვენი შტოების სამკვიდროდ, იორდანედან მოყოლებული, და ყველა ხალხი, რომელიც აღვგავე დიდ ზღვამდე, მზის დასავლამდე.
5თავად უფალი, თქვენი ღმერთი აყრის მათ თქვენგან და განდევნის, რათა დაიმკვიდროთ მათი ქვეყანა, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს.
6მტკიცედ დაიცავით და შეასრულეთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი, არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
7ნუ შეერევით ამ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, ნუ ახსენებთ მათი ღმერთების სახელს და ნურც დაიფიცავთ მათ, ნურც ემსახურებით და ნურც თაყვანს სცემთ.
8არამედ უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, როგორც დღემდე იქცეოდით.
9უფალმა აჰყარა თქვენგან დიდი და ძლიერი ხალხები, დღემდე არავინ ყოფილა, რომ თქვენ გაგმკლავებოდათ.
10ერთი თქვენიანი განდევნის მათ ათასს, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც შეპირებული იყო.
11ეცადეთ, კვლავ თქვენივე სიცოცხლისათვის, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი.
12თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, დაუმოყვრდებით მათ და ასე შეერევით ერთმანეთს,
13იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
14აჰა, დღეს მივდივარ წუთისოფლის წესისამებრ. მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს.
15როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც უფალს, თქვენს ღმერთს ჰქონდა ნათქვამი თქვენთვის, ასევე აგიხდენთ უფალი მუქარის სიტყვას, ვიდრე არ აღგვის ყველას ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
16თუ გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმას, რომელიც დადებული აქვს თქვენთან, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ სამსახურს და თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ გადაშენდებით ამ მადლიანი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუცია.
Next