თავი - 22
Previous1მაშინ დაიბარა იესომ რეუბენელები, გადელები და მენაშეს შტოს ნახევარი.
2უთხრა მათ: თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მორჩილი, გიბრძანებდათ. მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით.
3არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი ხნის მანძილზე დღემდე. ასრულებდით სამსახურს - უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებს.
4ახლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის. ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენს კუთვნილ მიწაზე, რომელიც მოუცია თქვენთვის მოსეს, უფლის მორჩილს, იორდანეს გაღმა.
5ოღონდ ბეჯითად შეასრულეთ მცნება და რჯული რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მორჩილმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, იაროთ მის გზაზე, დაიცვათ მისი ნაბრძანევი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით.
6დალოცა ისინი იესომ და გაისტუმრა. ისინიც წავიდნენ თავ-თავიანთ კარვებში.
7მენაშეს შტოს ნახევრისთვის ბაშანში ჰქონდა მოსეს მიცემული სამკვიდრო; მეორე ნახევარს იესომ მისცა მათი ძმების გვერდით, იორდანეს გაღმა, დასავლეთით. ისინიც დალოცა იესომ, როცა თავ-თავიანთ კრვებში ისტუმრებდა მათ.
8ასე უთხრა მას: დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენთქვენს კარვებში, დიდძალი პირუტყვით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინით, დიდძალი სამოსელით. გაუნაწილეთ მტრისგან აღებული ნადავლი თქვენს ძმებს.
9გაბრუნდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ნახევარი შტო ისრაელიანთაგან სილოამიდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და წავიდნენ გალაადის ქვეყანაში, თავიანთ წილხვედრილ ქვეყანაში, სადაც უნდა დასახლებულიყვნენ უფლის ბრძანებით, მოსემ რომ ამცნო მათ.
10მიადგნენ იორდანეს სანახებს ქანაანის ქვეყანაში და ააშენეს იქ რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა სამსხვერპლო იორდანესთან, დიდი სამსხვერპლო გამოსაჩენად.
11გაიგეს ისრაელიანებმა და თქვეს: აჰა, რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს ნახევარმა შტომ ააშენეს სამსხვერპლო ქანაანის ქვეყანაში, იორდანეს სანახებში, ისრაელიანთა მხარეს.
12გაიგეს ისრაელიანებმა და შეიკრიბა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
13გააგზავნეს ისრაელიანებმა რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი.
14გააყოლეს ათი თავკაცი, თითო თავკაცი თითო საგვარეულოზე ისრაელის შტოდან; საგვარეულოს თითოეული თავკაცი ისრაელის ათასეულის უფროსი იყო.
15მივიდნენ რეუბენიანებთან, გადიანებთან და მენაშეს შტოს ნახევართან გალაადის მხარეში და ასე ელაპარაკნენ მათ:
16ასე ამბობს უფლის მთელი საზოგადოება: რატომ უმტყუნეთ ისრაელის ღმერთს, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს და სამსხვერპლო აიშენეთ უფლის გასაჯავრებლად.
17განა არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვმწმედილვართ და რომ აზარალებს უფლის საზოგადოებას?
18ზურგი შეგიქცევიათ დღეს უფლისათვის, აჯავრებთ დღეს უფალს, რომ ხვალ რისხვა დაატეხოს ისრაელის მთელს საზოგადოებას.
19თუ უწმიდური გგონიათ თქვენი კუთვნილი მიწა, გადადით უფლის კუთვნილ მიწაზე, სადაც უფლის სავანე ასვენია; ჩვენს შორის დაისაკუთრეთ სამკვიდრო, ოღონდ უფალს ნუ გააჯავრებთ; ნურც ჩვენც გაგვაჯავრებთ იმით, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს იშენებთ.
20განა აქან ზარახის ძე არ იყო, დარისხებულს რომ შეჰბედა? მაგრამ რისხვა ისრაელის მთელს საზოგადოებას დაატყდა თავს. მარტო ის არ მომკვდარა მისი დანაშაულის გამო.
21მიუგეს რეუბენიანებმა, გადიანებმა და მენაშეს შტოს ნახევარმა და ელაპარაკნენ ისრაელის ათასეულთა თავკაცებს.
22ღმერთების ღმერთმა უფალმა, ღმერთების ღმერთმა უფალმა უწყის და ისრაელმაც უწყოდეს: დღესვე დავიღუპოთ, თუ უფლის გასაჯავრებლად და მის საღალატოდ მოვქცეულიყავით ასე;
23თუ სამსხვერპლო უფლისათვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებიოს აღსავლენისთვის საძღვნოდ თუ სამადლობელი მსხვერპლისათვის, თავად უფალი იყოს განმკითხავი.
24თუ თავის დასაზღვევად არ მოვქცეულიყავით ასე, რომ ხვალ თქვენს შვილებს არ ეთქვათ ჩვენი შვილებისათვის: რა საქმე გაქვთო უფალთან, ისრაელის ღმერთთან?
25საზღვროდ იორდანე დაგიდოთ უფალმა ჩვენსა და თქვენს შორის, რეუბენიანებო და გადიანებო. არა გაქვთო წილი უფალში. აუკრძალავენ თქვენი შვილები ჩვენს შვილებს უფლისადმი მოწიწებას.
26ვიფიქრეთ: ავიშენებთ სამსხვერპლოს არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის,
27არამედ იმისათვის, რომ მოწმე იყოს ჩვენსა და თქვენს შორის, ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც ვემსახურებოდით უფალს ჩვენი აღსავლენით, საკლავით და სამადლობელით, რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, წილი არა გაქვთო უფალში.
28ვიფიქრეთ: როცა ასე გვეტყვიან ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობას, მივუგებთ: აჰა, უფლის სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააშენა არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ რათა მოწმე ყოფილიყო იგი ჩვენსა და თქვენს შორის.
29როგორ ვიზამდით, რომ უფალი გაგვეჯავრებინა და ზურგი შეგვექცია დღეიდან მისთვის, რომ სამსხვერპლო აგვეშენებინა აღსავლენისთვის, ძღვენისათვის და საკლავისთვის გარდა უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოსი, მისი სავანის წინ რომ დგას.
30გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები.
31უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენიანებს, გადიანებს და მენაშეანებს: დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, რომ არ გიმტყუნებიათ უფლისათვის. თქვენ იხსენით ისრაელი უფლის ხელიდან.
32გაბრუნდნენ ფინხას ელეაზარის ძე, მღვდელი, და თავკაცები რეუბენიანთაგან და გადიანთაგან - გალაადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყნისაკენ, და მოუტანეს ამბავი ისრაელიანებს.
33მოიწონეს ეს ამბავი ისრაელიანებმა და აკურთხეს ისრაელიანებმა ღმერთი, აღარ უფიქრიათ მათზე გალაშქრება და იმ ქვეყნის გაპარტახება, სადაც რეუბენიანები და გადიანები ცხოვრობდნენ.
34უწოდეს რეუბენიანებმა და გადიანებმა ამ სამსხვერპლოს ყედი (მოწმე), რადგან მოწმე არისო იგი ჩვენს შორის, რომ ღმერთია უფალი.
Next