თავი - 20
Previous1ელაპარაკა უფალი იესოს:
2დაელაპარაკე და უთხარი ისრაელიანებს: დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკებოდით მოსეს პირით,
3რომ გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც შეცდომით, უნებურად შემოაკვდება კაცი. თავშესაფარად გქონდეთ შურისმაძიებლისგან.
4გაიქცეს ერთ-ერთ ქალაქში, დადგეს კარიბჭესთან და ხმამაღლა გამოუცხადოს ამ ქალაქის უხუცესებს თავისი ამბავი. ისინიც მიიღებენ მას თავისთან, ქალაქში და მისცემენ ადგილს, რომ მათთან იცხოვროს.
5თუ დაედევნა შურისმაძიებელი, არ უნდა ჩაუგდონ მას ხელში მკვლელი, რადგან მისდაუნებურად შემოაკვდა თავისი ახლობელი. არ სჭირებია მისი ჯავრი არც გუშინ, არც გუშინწინ.
6იცხოვრებს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარუდგება საზოგადოებას სამსჯავროზე, ვიდრე იმ ხანების მღვდელმთავარი არ მოკვდება. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა.
7გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაზე, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბე ანუ ხებრონი, იუდას მთაზე.
8იორდანეს გაღმა, იერიხონის პირდაპირ აღმოსავლეთით დაადგინეს: ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე, რეუბენის შტოდან, რაბათი გალაადში გადის შტოდან და გოლანი ბაშანში მენაშეს შტოდან.
9ეს ქალაქებია განკუთვნილი ყველა ისრაელიანასთვის და მდგმურისთვის, რომელიც მდგმურობს მათ შორის, რომ თავი შეაფაროს იქ უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს შურისმაძიებლის ხელით, ვიდრე საზოგადოებას წარუდგებოდეს.
Next