თავი - 4
Previous1ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი.
2მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.
3ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა.
4ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით.
5ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება.
6ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული.
7ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი.
8ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.
9მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?
10ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.
11მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.
12რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,
13ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას,
14რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,
15არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,
16ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში.
17ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი.
18გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
19გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
20ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე,
21რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), -
22განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,
23განახლებულიყავით თქვენი გონების სულით
24და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.
25მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
26მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.
27ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს.
28მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული.
29ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ.
30ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის.
31ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად.
32არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
Next