Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის,
2თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის,
3რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ;
4როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო,
5რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ;
6რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში;
7სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით.
8მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,
9და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით,
10რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე,
11თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ,
12ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით.
13ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება.
14სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე,
15ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, -
16რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში,
17და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,
18რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,
19და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.
20ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -
21დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
Next