Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით,
2რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი;
3ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;
4მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,
5ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),
6მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,
7რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.
8და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;
9და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.
10რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.
11მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, -
12ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.
13ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.
14რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,
15რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში,
16და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა.
17მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.
18რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.
19ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;
20მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე,
21რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში,
22და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
Next