თავი - 5
Previous1მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა.
2და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.
3ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ,
4არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება.
5რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში.
6არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე.
7ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
8რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
9ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში.
10გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს.
11ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ,
12ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა.
13ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,
14რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“.
15მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
16გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.
17ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.
18ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.
19ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.
20მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლი იესო ქრისტეს სახელით.
21ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს.
22ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
23რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.
24მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.
25ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
26რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,
27და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.
28ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.
29ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას.
30რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
31ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.
32ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.
Next