თავი - 7
Previous1ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.
2მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი.
3ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს.
4ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.
5ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.
6თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად.
7რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე.
8დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ.
9მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას.
10ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს.
11მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.
12დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.
13ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.
14რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.
15ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.
16რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს?
17არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას.
18წინადაცვეთილად იხმო ვინმე? ნუ დამალავს თავის წინადაცვეთილობას. წინადაუცვეთლად იხმო ვინმე? ნუ წინადაიცვეთს.
19წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა ყველაფერი.
20ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი.
21მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით.
22რადგანაც უფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად ხმობილი - ქრისტეს მონაა.
23სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად.
24ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე.
25უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ.
26მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის.
27ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.
28მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ.
29აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი,
30თვალცრემლიანნი - როგორც უცრემლონი; მოხარულნი - როგორც გაუხარელნი და მქონენი - როგორც არას მქონენი;
31ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი.
32მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს.
33ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს.
34განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს.
35ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს.
36ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს.
37ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა.
38ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა.
39ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ.
40მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.
Next