Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე?
2ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?
3ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?
4თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცნ პირებს აყენებთ.
5თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა?
6მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
7ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე?
8მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს.
9ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი,
10ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
11ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
12ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს.
13საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის.
14ღმერთმა აღადგინა თვით უფალი, და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
15იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას.
16ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“.
17ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.
18ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.
19ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?
20რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.
Next