Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1ხოლო კერპთათვის შენაწირისა ვიცით, რადგანაც ყველას გვაქვს ცოდნა; მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს კაცს.
2ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
3მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, კიდეც შეიცნობა მის მიერ.
4რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა.
5რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),
6ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც.
7მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება.
8მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა.
9მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცთური არ შეიქნეს უძლურთათვის.
10რადგან თუ ვინმე დაგინახავს, რომ შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპოში ინახად ზიხარ, განა მისი უძლური სინიდისი არ განაწყობს კერპთშეწირულობის ჭამად?
11და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
12ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ.
13ამიტომაც თუ საჭმელი აცთუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცთუნო იგი.
Next