თავი - 14
Previous1შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ.
2რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს.
3ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი.
4შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.
5ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული.
6ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.
7ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება.
8არამედ, თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
9რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც.
10შენ კი რად განიკითხავ შენს ძმას? ან რაღად შეურაცხყოფ მას? რადგანაც ყველანი წარვსდგებით ღვთის მსჯავრის წინაშე.
11ვინაიდან დაწერილია: „მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.
12ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს.
13მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცთური.
14ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას.
15ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
16ნუმც დაიგმობა თქვენი სიკეთე.
17რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.
18ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის.
19მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ერთურთიაღშენებას ემსახურება.
20საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.
21გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.
22გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით, რასაც აირჩევს.
23ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა.
Next