Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე.
2ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.
3რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“.
4ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს.
5მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ.
6რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ ღმერთსა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას.
7მაშ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად.
8მე ვამბობ, რომ იესო ქრისტე ღვთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა აღესრულებინა მამათა აღთქმა.
9წარმართთა მსახური კი - წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: „ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს“.
10ესეც ითქვა: „ხარობდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად“.
11და კიდევ: „აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა“.
12ხოლო ესაია ამბობს: „იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა“.
13სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენიმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.
14ხოლო მე, ძმანო ჩემნო, მჯერა, რომ თავადაც სავსენი ხართ სიკეთით, ყოველგვარი ცოდნით აღვსილნი და იმის შემძლენი, რომ ერთიმეორეს ასწავლოთ.
15მაგრამ, ცოტა არ იყოს, კადნიერად მოგწერეთ, ძმანო, თითქოს იმისთვის, რომ შემეხსენებინა თქვენთვის იმ მადლით, რომელიც მომეცა ღვთის მიერ,
16რათა ვყოფილიყავი იესო ქრისტეს მსახური წარმართთა შორის და ღვთის სახარების მღვდელმოღვაწე, რომ წარმართთა შენაწირი კეთილსასურველი ყოფილიყო ღვთისათვის, გაწმენდილი სული წმიდის მიერ.
17ამიტომ დიახაც შემიძლია ვიქადოდე ქრისტე იესოში ღვთის წინაშე.
18რადგანაც ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც ჩემი მეშვეობით არ ექმნას ქრისტეს, წარმართთა დასამორჩილებლად, სიტყვით თუ საქმით,
19სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით; ასე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან მოყოლებული ილირიკამდე გავავრცელე სახარება ქრისტესი.
20თანაც ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა.
21არამედ, როგორც დაიწერა: „ვისაც არ უწყებია, ისინი იხილავენ, და ვისაც არ სმენია, ისინი შეისმენენ“.
22სწორედ ამან მრავალგზის შემიშალა ხელი თქვენთან მოსვლაში.
23ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და დიდი ხანია მსურს თქვენთან მოსვლა,
24ამიტომ, როგორც კი ესპანეთს გავემგზავრები, თქვენთანაც მოვალ, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გზად მიმავალი გიხილავთ და კიდეც გამაცილებთ, მას შემდეგ, რაც ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
25ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად.
26ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს.
27ინებეს და მართებთ კიდეც, რადგან თუ წარმართნი სულიერად მათი თანაზიარნი გახდნენ, თავიანთი მხრივ, მოვალენი არიან ხორციელად დაეხმარონ მათ.
28ამას რომ მოვრჩები და ჩავაბარებ მათი გულმოდგინების ნაყოფს, თქვენც გინახულებთ, მერე კი ესპანეთს გავემგზავრები.
29ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას ქრისტეს სახარების სრული კურთხევით მოვალ.
30თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ.
31რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან.
32მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.
Next